8-12-2022
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის გაფორმდა სასესხო და საგრანტო შეთანხმებები (ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V)).
სასესხო და საგრანტო შეთანხმებების მიხედვით, ქვეყნისთვის გამოყოფილი იქნება 53 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი რესურსი სესხის, ხოლო 2 მლნ ევრო გრანტის სახით.
სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს უფროსმა პორტფოლიო მენეჯერებმა, ბერნდ ჰაზელმა და რობერტ როტმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.
პროექტი ითვალისწინებს ბათუმის ტერიტორიაზე თანამედროვე წყლის სისტემების მოწყობას, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას.
მნიშვნელოვანია, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესებით, პროექტი ქმნის საბაზისო პირობებს ბათუმში ტურიზმის შემდგომი გაფართოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში იგეგმება ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის და მეჯინისწყლის ტერიტორიაზე თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობა.