12-12-2022
ფოთის პორტის, არსებული პორტის განახლების და გაფართოების იდეა დიდი ხანია უკვე არსებობს. მე რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრთან ერთად შევხვდი ფოთის პორტის მმართველებს და მფლობელებს და კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავუდასტურო მათ სრული მხარდაჭერა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პორტების განვითარება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„პორტების განვითარება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, რომ ბათუმის პორტი იმართება უცხოური კომპანიის მიერ. ფოთის პორტშიც განსახორციელებელია დამატებითი ინვესტიციები. მანამდე ერთმა ქართულმა კომპანიამ, პეისმა განახორციელა 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია, განახორციელა ახალი ტერმინალების მშენებლობა და რეალურად, შეილება ასეც ითქვას, რომ ეს არის პატარა ახალი პორტი. ფოთის პორტის, არსებული პორტის განახლების და გაფართოების იდეა დიდი ხანია უკვე არსებობს. მე რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრთან ერთად შევხვდი ფოთის პორტის მმართველებს და მფლობელებს. მე კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავუდასტურო მათ სრული მხარდაჭერა. ჩვენი სურვილია, რომ ფოთის პორტის გაფართოებაც განხორციელდეს. ბათუმშიც უნდა განხორციელდეს დამატებითი ინვესტიციები და ასევე უნდა აშენდეს ახალი პორტი - ანაკლია. ბოლო პერიოდში ჩვენი კორიდორის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, ძალიან ბევრი ტვირთნაკადი მოდის აზიის ქვეყნებიდან. დიდი სურვილია, რომ ტვირთები წამოვიდეს ჩინეთიდან, იაპონიიდან, სხვა ქვეყნებიდან, ყველა მიმართულებით უნდა ვიყოთ მზად. ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი. სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა ინვესტორს რომლებიც პორტებში განახორციელებენ ინვესტირებას. ანაკლიის პორტს რაც შეეხება, აქ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მთავარი ბერკეტი და 51%-ის მფლობელი იქნება ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა პრემიერმა.