13-12-2022
მთელი კამპანიაა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიხსნან იმ სასჯელისგან, რომელიც მას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა. წარმომიდგენია, რას გრძნობენ მისი რეჟიმის მსხვერპლნი, მათი ოჯახები- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრს სოზარ სუბარს, რომლის თქმით, გუშინ გარდაიცვალა სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი, ნორა კვიციანი რომელიც უბრალოდ პოლიტიკური პატიმარი არ იყო, ის იყო სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური მძევალი.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პირდაპირი დაცინვაა, როდესაც ტანჯვა-წამებას გამოვლილი ოჯახები დღეს უყურებენ, თუ რამდენად ფართოა კამპანია, რომელიც პირდაპირ ემსახურება სააკაშვილის დახსნას კანონიერი სასჯელისგან.
„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ვხედავთ, რომ არის მთელი კამპანია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიხსნან იმ სასჯელისგან, რომელიც მას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა, წარმომიდგენია, რას გრძნობენ მისი რეჟიმის მსხვერპლნი, მათი ოჯახები. ეს არის პირდაპირი დაცინვა ამ ოჯახების, როდესაც ამ ტანჯვა-წამებას გამოვლილი ოჯახები დღეს უყურებენ, თუ რამდენად ფართოა ის კამპანია, რომელიც პირდაპირ ემსახურება მიხეილ სააკაშვილის დახსნას კანონიერი სასჯელისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.