13-12-2022
ქუთაისიდან ევროპის ქალაქების მიმართულებით ახალი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას ეხმიანება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით ახალი ავიარეისები ხელს შეუწყობს ევროპიდან საქართველოში ტურისტების ნაკადების გაზრდას და მაღალმხარჯველი მოგზაურების მოზიდვას.
„ჩვენი მთავარი მიზანია კონკურენტუნარიანი, მდგრადი ტურისტული პროდუქტითა და მომსახურებით რაც შეიძლება მეტი მაღალმხარჯველი საერთაშორისო ვიზიტორი მოვიზიდოთ. ევროკავშირი სწორედ ერთ-ერთი მიზნობრივი ბაზარია. ძალიან სასიხარულოა აეროპორტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და 5 ახალი მიმართულების დამატება ევროპის ქვეყნებთან, ასევე არსებული სიხშირეების გაზრდა“,- განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით მომავალ წელს იგეგმება მუშაობა ახალი ტურისტული ადგილებისა და მომსახურების შექმნის მიმართულებით.
„მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურა მთავარი პირობაა, სწორი ფორმირება მოვახდინოთ ჩვენი ტურისტული რესურსისა და პოტენციალის, რომ სწორ ბაზრებზე გავიდეთ, რაც ავტომატურად გამოიწვევს მეტი შემოსავლის მიღებას საერთაშორისო ბაზრებიდან“,-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.