14-12-2022
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს ბენეფიციარს, სასტუმრო ,,შატო ართვაინს" ეწვია და მის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
სააგენტოს სესხის პროცენტის თანადაფინანსების ფარგლებში, „შატო ართვაინი" 2021 წელს კახეთის სოფელ ართანაში გაიხსნა. სასტუმრო 4-ვარსკვლავიანია და 32 ნომერს მოიცავს. ამ ეტაპზე შატოში 47 ადამიანია დასაქმებული, რომელთა 80% ადგილობრივია.
„თავდაპირველად, კადრების უმრავლესობა თბილისიდან იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მოვახერეთ კადრების ადგილობრივებით ჩანაცვლება. ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იყო, თუმცა ტრეინინგებისა და ადგილობრივების დიდი ინტერესის დახმარებით ამ შედეგამდე მოვედით" - ლეილა მესხი, თანადამფუძნებელი.
სხვა მომსახურებებთან ერთად „შატო ართვაინი" სტუმრებს უნიკალურ ღვინოებს სთავაზობს, რომელიც ექსკლუზიურად, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ მარანში მზადდება.
სასტუმრო ნებისმიერ სეზონზე უამრავ სტუმარს მასპინძლობს, რომლებიც განსატვირთად ან მნიშვნელოვანი დღეების აღსანიშნად კახეთის ამ ულამაზეს მხარეს სტუმრობენ.
„შატო ართვაინი" მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. სამომავლოდ ტერიტორიის გაფართოებასა და ინდივიდუალური ვილების აშენება იგეგმება.