გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტში დებატები დაცლილი იყო ევროპისგან, სამწუხაროა, როცა ხედავ, რომ არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც სააკაშვილთან მეგობრობას ამჯობინებს ობიექტურ ინტერესებს

14-12-2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. მიზეზი, საბაბი, შეიძლება, იყოს სხვადასხვა, მაგრამ არსი ყოველთვის არის ერთი.


მისი თქმით, ამ ყველაფერს ხედავს ქართველი ხალხი და სწორედ ამიტომ, მსგავსი სახის განცხადებებზე რეაქცია არ აქვთ.


„რაც შეეხება ევროპარლამენტთან დაკავშირებულ საკითხს, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე ყველაფერი ნათელია, ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც არიან საქართველოს თვითგამოცხადებული მეგობრები, საქართველოს მიმართ არ აქვთ არანაირი ინტერესი, გარდა ერთისა. 2012 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. ამას ვუყურებთ მთელი წლების განმავლობაში. მიზეზი, საბაბი, შეიძლება, იყოს სხვადასხვა, მაგრამ არსი ყოველთვის არის ერთი.


სინამდვილეში ეს არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც არა საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. მათი მიზანია ბიძინა ივანიშვილის დასჯა, რადგან მან ქართველ ხალხთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ჩამოაცილა ხელისუფლებას და მათი მიზანია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება. ამას ხედავს ქართველი ხალხი, ამიტომაც არის, რომ ასეთი სახის განცხადებებზე რეაქცია არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


მანვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში გუშინდელი დებატები თავისი არსით დაცლილი იყო ევროპისგან, რადგან ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო დეზინფორმაციის გასავრცელებლად.


„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტში დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან, ვინაიდან ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო, რათა გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა. ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო, რათა გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლება არის მიტაცებული და ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ განხორციელებულიყო პირდაპირი შეტევა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე. ეს არის, რაც ვიხილეთ გუშინ და სამწუხარო სანახავია, როდესაც ხედავ, რომ არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც სააკაშვილთან საკუთარ მეგობრობას ამჯობინებენ ქვეყნის მიმართ ობიექტურ ინტერესებს.


ევროპაში ვიზიტი ახსენეთ, გუშინ იმის პარალელურად, რაც ევროპარლამენტში ამ ჯგუფის მხრიდან ხდებოდა, ევროპულმა საბჭომ მიიღო ანგარიში, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში განიცადა 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ამიტომ სხვაობა არის როგორც ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, ისე იმ ევროპარლამენტარებს შორის, რომლებიც არიან ჯგუფის წევრები. რაც შეეხება სხვაობას ამ ჯგუფსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და დედაქალაქს შორის, ისეთივე სხვაობაა, როგორც ცა და დედამიწა. ამ პოლიტიკოსებს ევროპულ პოლიტიკასთან სამწუხაროდ, არანაირი კავშირი არ აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.