15-12-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხრესილის ბრძოლის 265-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა.
,,ხრესილობის“ აღნიშვნა გელათის მონასტრიდან დაიწყო, სადაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს იმერეთის მეფის სოლომონ I-ის საფლავი, ასევე დაესწრნენ პარაკლისს, რომელიც მონასტრის წინამძღვარმა დღესასწაულთან დაკავშირებით აღავლინა.
ღონისძიება მოგვიანებით სოფელ ხრესილში, ომის მემორიალთან გაგრძელდა. დავით ჩერქეზიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, ხრესილის ომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აქვე განაცხადა, რომ ახლო მომავალში ქალაქის ცენტრში დაიდგმება სოლომონ I-ის ძეგლი, რომელიც პირველი იქნება საქართველოში.
ძეგლის ესკიზის შემუშავებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიას კონკურსი უკვე გამოცხადებული აქვს. მერმა აღნიშნა ისიც, რომ ტყიბულში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, დაგეგმილია წმინდა სამების სახელობის გუმბათოვანი ტაძარის მშენებლობა.
ომის ისტორიული მონაკვეთის შესახებ ისაუბრეს ხრესილის საჯარო სკოლის დირექტორმა ზვიად კუბლაშვილმა, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების იმერეთის წინამძღვარმა, ლევან როხვაძემ და პროფესორმა ომარ ნიშნიანიძემ. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდა ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე).
ხრესილის ომის მემორიალთან თემატური ხასიათის ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შესრულდა. საპატიო ყარაულში, ჩოხოსნებთან ერთად, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ტყიბულის რაზმიც იდგა, რომელთა კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.