20-12-2022
ყველამ მოვისმინეთ, რომ ჰააგის საქმის მთავარმა პროკურორმა ქარიმ ხანმა თავად აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად დაიდო გამოძიების შედეგი და სწორედ ამიტომ, ის აჟიოტაჟი, რაც ოპოზიციის მხრიდან იყო გამოწვეული, ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბიზნეს გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა იყო ის წინაპირობა, რომ ასეთი შედეგი დამდგარიყო.
„პირველად, 20 წლის განმავლობაში, მათ დაასრულეს ძიების პირველი ეტაპი. თუმცა ძალიან ბევრი რამ მომავალში უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ აღსრულებაა მნიშნელოვანი პროცესი და აღსრულების პროცესში იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება, თუ რა ნაბიჯებს დგამს და გადადგამს საქართველოს ხელისუფლება. როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სხვადასხვა ეტაპზე ცალსახად ჩანს საქართველოს მთავრობის და იუსტიცის სამინისტროს აქტიური ჩართულობით რა შედეგები დადგა დღეს და რა შედეგები იყო მანამდე. ამიტომ ის აჟიოტაჟი, რაც ოპოზიციის მხრიდან იყო გამოწვეული, ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია. მინდა აქვე გამოვეხმაურო მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგს, როდესაც კითხვა დაისვა ჰააგის პროკურატურის ერთი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით და ჩემი მხრიდან იყო პასუხი, რომ ინფორმაციას არ ვფლობდი. მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტი მოგვიწია და ამიტომ ჩავთვალე, რომ კითხვა ეხებოდა ბოლო წუთებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჩემთვის არ იყო ცნობილი.
ამიტომ მინდა მოსახლეობისთვის განმვარტო, რომ ჩემი პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე არასწორად იყო ინტერპრეტირებული", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის კარიმ ხანი განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა იმ პირთა სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა.