22-12-2022
საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ბრალდებულმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოლიტიკური საქმიანობის მიმართ ნეგატიური შეხედულების გამო, მისი დევნა განახორციელა, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 20 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო - 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება და სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.