გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევილის მმართველი საბჭოს წევრი, ტიერი ბერიშვილი ვახტანგ და თამარ ბარამაშვილების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

5-01-2023

ლევილის მმართველი საბჭოს წევრი, ტიერი ბერიშვილი, ვახტანგ და თამარ ბარამაშვილების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მათ ღია წერილით მიმართავს.


„ქართველმა მეგობრებმა საქმის კურსში ჩამაყენეს ამ დღეებში, ფეისბუქით თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. როგორც გურულს, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, თქვენთვის მეპასუხა, იმიტომ, რომ თქვენი ვიდეო და სიტყვები შეცდომაში შემყვანი, შეურაცხმყოფელი და ანტიპატრიოტულია! თუმცა, ნახევრად ფრანგი ვარ და ამან მაიძულა კარგად გამეანალიზებინა თქვენი სიცრუე და დავფიქრებულიყავი მნიშვნელოვან საკითხზe: „რა არის თქვენი ინტერესი?“. ასეც მოვიქეცი.

რამდენიმე წინასწარი შენიშვნა:


ჩემს რამდენიმე ქართველ მეგობარს ვთხოვე, რომ კარგად გაეანალიზებინათ თქვენი ე.წ. არგუმენტები და ახლა, აბსოლუტურად მშვიდად შემიძლია გიპასუხოთ. თუმცა, ძალიან გაბრაზებული ვიყავი ამდენ უაზრობაზე, ტყუილზე, სისულელეზე და სიბრმავეზე თქვენი მხრიდან.


ჩვენ ვიმუშავეთ, ვმუშაობთ და ვიმუშავებთ ლევილის ცენტრის სრულყოფილ განვითარებამდე.


მაპატიეთ, მაგრამ თუ თქვენ ეს არ იცით, როგორ გაიგებთ იმას, რაც ლევილში ხდება?


რამდენიმე სამართლებრივი შენიშვნა:


თქვენ ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიჭერით კერძო საკუთრებაში. არ გქონიათ არც კულტურის სამინისტროს, არც მმართველი საბჭოს ნებართვა. რაც მნიშვნელოვანი იურიდიული ფაქტორია. სამუშაოების გამო გაღებულ ჭიშკარზე ხომ ნამდვილად წერია, რომ მამული კერძო საკუთრებაა.

თქვენ იქ მაინც შეხვედით!


თქვენს ფეისბუქ გვერდზე გიწერიათ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ხართ.


სხვა თუ არაფერი, ეს წოდება უნდა მოგიწოდებდეთ კანონის დაცვისკენ! საფრანგეთში, ისევე, როგორც საქართველოში, კანონის დაცვა აუცილებელია გაწონასწორებული და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისთვის, რომელიც ჩვენს სამყაროს ასე აკლია.


მამულისა და შენობის კარები ღია იყო, იმიტომ, რომ იქ მუშები შრომობენ. წესით ეს უნდა შეგემჩნიათ, იმიტომ, რომ კარიბჭის მარცხნივ მიმდინარე სამუშაოების გარკვეული ნიშნები უნდა შეგემჩნიათ და მარჯვნივ აუცილებლად დაინახავდით გალავნის რამდენიმე ათეულ მეტრზე ჩატარებულ სამუშაოებს და ხარაჩოებს.


რატომ არ აჩვენეთ ეს სამუშაოები თქვენს ვიდეოში? თქვენი მობილური იყო დასატენი თუ იდეოლოგიურმა სიბრმავემ შეგიშალათ ხელი? ან იქნებ თქვენი სურვილი იყო, გეჩვენებინათ „საშინელებები“ ან მართვის შეცდომები, საბრალო ქართველი ოჯახები შესაშინებლად?


რატომ არ გაესაუბრეთ მამულის მუდმივ მაცხოვრებლებს, რომლებიც მამულის შესასვლელიდან 250 მეტრში ცხოვრობენ? შეგეძლოთ, გეჩვენებინათ უკვე შესრულებული სამუშაოს პირველი ფაზა!


თქვენ მიერ ნაჩვენები კადრების შესახებ


1 - რატომ არ აჩვენეთ შემოსასვლელიდან 300 მეტრში მდებარე შენობა ვიდეოში? აღნიშნული შენობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფონდის დაფინანსებით გარემონტდა და წარმოადგენს ლევილის მამულის ბიბლიოთეკას, სადაც დაცულია ის წიგნები, რომლებსაც გაეცნობიან პირველი რესპუბლიკის ისტორიულ-მემორიული და კულტურული ცენტრის დამთვალიერებლები. ფანჯრებიდან ჩანს თაროები და მოწესრიგებული ყუთები, სადაც აწყვია წიგნები, რომლებიც დაცულია ნესტისაგან.


2. თქვენ ამტკიცებთ, რომ კადრში ბიბლიოთეკაა, რომელიც შატოს მესამე სართულზე მდებარეობს. სინამდვილეში საქმე ეხება მხოლოდ სხვენს, სადაც მხოლოდ შატოს ყოფილი, გარდაცვლილი მაცხოვრებლების ნივთების და დოკუმენტების ნარჩენებია, რომლებსაც რაიმე ღირებულება არ გააჩნიათ! წყალი სხვენში არ ჩადის. ჟურნალების დასტები, რომლებსაც ხედავთ, აქ 50 წელზე მეტია აწყვია... ეს ჟურნალები არც საქართველოში გავრცელებულა, არც საფრანგეთში. ეს არაა ბიბლიოთეკა!


3. თქვენ ამბობთ, რომ ამ არქივს ქართველი ხალხი სამუდამოდ კარგავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ საუბრობთ პრობლემაზე, რომელსაც საერთოდ არ იცნობთ. შეგახსენებთ:


- პირველი რესპუბლიკის მთავრობის არქივი გაიგზავნა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ამერიკაში, არქივის კომისიის მიერ, რომელიც გახიზნული მთავრობის წევრებმა შექმნეს. არქივი დახარისხდა, გაიწმინდა და აიციფრა. ხელშეკრულების ვადის (30 წ.) გასვლის შემდეგ, ისინი დამოუკიდებელ საქართველოს დაუბრუნდა, მიკროფილმების 2 სერიასთან ერთად.


- 1996 წელს მამაჩემმა, მამია ბერიშვილმა, საარქივო კომისიის თავმჯდომარემ, ემიგრაციული მთავრობისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის არქივი (450 კგ ტვირთი) საქართველოში ჩაიტანა. არქივი გადაეცა ჟვანიას, რომელიც მაშინ პრემიერი იყო. მასალები დახარისხდა და დამუშავდა პარლამენტის ბიბლიოთეკის მიერ.


- 2015 წელს, მამაჩემის მითითებების შესაბამისად, რომელიც 2003 წელს გარდაიცვალა, მე კიდევ 130 კგ დოკუმენტაცია გადავეცი ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მასალები დამუშავდა, გაიწმინდა და დახარისხდა და ხელმისაწვდომი გახდა ქართველი ხალხისთვის.

- 2018 წელს, ეროვნულ არქივს გადავეცი სოციალ-დემოკრატიული პარტიის არქივისა და ლევილის მამულის მართვის არქივის ბოლო ნაწილი. დოკუმენტები ქართველი ხალხისთვის ხელმისაწვდომია.


ემიგრაციული მთავრობის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის არქივები, შატოს ისტორიული დოკუმენტაცია საქართველოშია, ოფიციალური ორგანიზაციების ხელში. ნოე ჟორდანიას სახელობის ბიბლიოთეკის (რომელსაც ჯერ ინა ჟორდანია, შემდეგ კი - მამაჩემი, მამია ბერიშვილი და ბოლოს კარლო ინასარიძე მართავდნენ) დიდი ნაწილი დახარისხდა და დაცულია ძველი ბიბლიოთეკის სივრცეში, რომელიც უკეთ მოეწყობა ერთ ან ორ წელიწადში.


დამატებით უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის წუხილის საგანია განჯის უნარის ნაკლებობა თქვენი მხრიდან, იმიტომ, რომ სხვენი აგერიათ ბიბლიოთეკაში, რომელიც ნამდვილად არსებობს და არ დაგინახავთ!


სკანდალი მოგვიწყეთ რამდენიმე დოკუმენტზე, რომელთაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ ან რომელთა რამდენიმე ეგზემპლარი არსებობს, რომლებიც სულ ცოტა ბოლო 50 წლის განმავლობაში ცუდ მდგომარეობაშია და, შესაბამისად, ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში მყოფი ეგზემპლარები გადანახულია ან კი, ისეთ დოკუმენტებზე, რომლებიც უნდა გადაგვეყარა.


ისმის კითხვა: ისტორიკოსი ხართ? თუ უბრალოდ კულტურის სამინისტროს ან 6 წლის განმავლობაში მოქმედი მმართველი საბჭოს მიერ გაწეული სამუშაოს გასვრა გინდათ?


რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობა თავისი არაკომპეტენტურობითა თუ დაუდევრობით კარგავს ლევილის ქონებას, ვერ იცავს არქივს დაზიანებისგან და შენობებს - ნგრევისგან.


ლევილის მამულის თითქმის ოთხ ჰექტარიან ტერიტორიაზე 7 შენობა დგას. ამ შენობათაგან სულ მცირე 4 რამდენიმე საუკუნისაა, მეორე ნაწილი კი უფრო გვიან აშენდა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში მოუვლელი იყო მაცხოვრებლებისა და სახსრების ნაკლებობის გამო.


შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებმა და საქართველოს მთავრობამ, ითვალისწინებს მამულის კეთილმოწყობასა და სხვადასხვა ფუნქციით დატვირთვას, რისთვისაც გათვალისწინებულია 5 000 000 ევროზე მეტი.


შეთანხმების თანახმად, პროექტი 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. რაკი შეთანხმებას ხელი 2016 წელს მოეწერა, წინ კიდევ 4 წელი რჩება შეთანხმების პირობების შესასრულებლად.


ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ პირველ ანგარიშს:


რა გაკეთდა:


მთლიანად რეაბილიტირდა-თავიდან აშენდა მთელი შენობა: საცხოვრებლები, რომლებიც გათვალისწინებული იყო ლევილის მუდმივი მაცხოვრებლების დასაბინავებლად. რაც თქვენ ვერ დაინახეთ! საკვირველია!


არქიტექტორის კაბინეტის მიერ წარმოდგენილი გლობალური პროექტი წარედგინა მმართველი საბჭოს წევრებს და 20 დეკემბრის სხდომაზე ძალიან ბევრი შენიშვნა ჩამოყალიბდა პროექტის პირველ ვერსიასთან დაკავშირებით.


სამშენებლო ნებართვების მოთხოვნები წარედგინათ კომპეტენტურ ორგანოებს. საფრანგეთში აღნიშნულ პროცედურას რამდენიმე თვე ჭირდება.

მოვლილია პარკის გაზონები და სხვა მწვანე სივრცეები, გაისხლა ხეები და ბუჩქები, არც ეს დაგინახავთ? უცნაურია!

დაცულია ელექტრომრიცხველები, რეაბილიტაციამდე. არც ეს დაგინახავთ? უცნაურია.


მიმდინარე საქმიანობა:


საქართველოში მასალები შეკვეთილია ოდას ასაშენებლად, რომელიც თავდაპირველად იქნება რესტორანი და მაღაზია ქართული ხელნაკეთობების გასაყიდად.


მიმდინარეობს ცენტრის მომავალი მენეჯერის ოფისისა და გუშაგის საცხოვრებლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც არ დაგინახავთ! ეს კი უცნაურია, იმიტომ, რომ შენობა კარიბჭის გვერდით, მარცხნივ მდებარეობს.


მიმდინარეობს მამულის გალავნის რეაბილიტაცია. არც ეს დაგინახავთ! უცნაურია, საქმე ეხება ჭიშკრის მარჯვნივ მდებარე მონაკვეთს.

ძველ შენობაში აღდგა ძველი კრამიტი, რათა წყალი არ ჩამოსულიყო ნაგებობებში. არც ეს დაგინახავთ! უცნაურია.
რა რჩება გასაკეთებელი:


მთავარი შენობის კეთილმოწყობა, რომელშიც განთავსდება მუზეუმი და ოთახები რეზიდენციის სტუმარი სტუდენტებისთვის, ნებართვის მოპოვების ვადები დამოკიდებულია საფრანგეთის უწყებებზე.


ახალი შენობის აგება და კეთილმოწყობა. შენობა ჩაანაცვლებს არსებულს, რომელიც დაინგრევა. შენობაში განთავსდება ოთახები რეზიდენციის სტუდენტებისთვის და სტუმართა ოთახები, ასევე, სახელოსნოები ქართველი ხელოვანებისათვის.


აიგება ოდა, როგორც კი საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოები გასცემენ ნებართვას და მასალები ჩამოტანილ იქნება საფრანგეთში.


აი, ბატონო ადვოკატო პირველი, ობიექტური ანგარიში, რომელსაც შეგეძლოთ გასცნობოდით, თუ იქნებოდით კონსტრუქციული და კითხვებით მიმართავდით პირდაპირ ან მმართველ საბჭოს წევრებს ან, უბრალოდ, ბატონ გოჩა ჯავახიშვილს, რომელიც, შეგახსენებთ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენი და თქვენი ელჩია საფრანგეთში, მოლაპარაკებების ძალიან აქტიური წევრი იყო.


თქვენ კი, თვალის ერთი გადავლებით, კერძო საკუთრებაში, ყოველგვარი კომპეტენტური მეგზურის გარეშე არალეგალურად შეჭრილი, იგნორირებას უკეთებთ ყველაფერს და ყურადღებას აჩერებთ რამდენიმე დოკუმენტსა და წიგნზე, რომლებსაც არანაირი ისტორიული ღირებულება არ გააჩნიათ და სხვენში, რომელსაც „ბიბლიოთეკას“ უწოდებთ, განადგურების პირზეა. უცნაური არ არის?


ჩემი ყველა ფრანგი მეგობარი და ჩემი ასოციაციის წევრები, რომლებიც კარგად იცნობენ ლევილის მამულს, შეურაცხყოფილია თქვენი ქცევით და, საქმე ასე სერიოზულად რომ არ იყოს, თქვენს სულელურ ქცევაზე გაეცინებოდათ!


ასეთი უარყოფითი და მატყუარა დამოკიდებულებით თქვენ ღალატობთ ადვოკატის ფიცს და სათანადოდ ვერ წარმოაჩენთ თქვენი ქართული ასოციაციის წევრებს. ნუთუ ყველა ქართველი ადვოკატი თქვენსავით იქცევა? იქნებ, ის ობიექტურობა, რომელსაც თქვენი პროფესია თქვენგან მოითხოვს, არ გაინტერესებთ და პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებთ?


ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება თქვენთან დაკავშირებით და ეს კითხვები ეს განსაკუთრებით შეეხება თქვენს მცდელობას, დაამახინჯოთ რეალობა. საფრანგეთში მე შემიძლია ასეთი სიცრუისა და ცილისწამებისთვის გიჩივლოთ! ხომ არ თვლით, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეს, შემიძლია საქართველოშიც გიჩივლოთ?“ - წერს ბერიშვილი.