10-01-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრისა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქალაქ კასპში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
აქციაში მონაწილეობდნენ და პაციენტებს უფასო კონსულტაციები და სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს ექოსკოპისტმა თინათინ ტარყაშვილმა, ენდოკრინოლოგმა მარინა ნადარეიშვილმა, მეან-გინეკოლოგებმა - ეკატერინე მაჭავარიანმა, მზია დევდარიანმა და ნინო ლაცაბიძემ.
აქციას ხელმძღვანელობდნენ სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ვეფხვია ოდიშარია და სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი კახა ტატუნაშვილი.
აქციის ფარგლებში, დღის განმავლობაში, ექიმთა ჯგუფმა 60 პაციენტს ჩაუტარა სამედიცინო გამოკვლევა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა მადლობა გადაუხადეს ვეფხვია ოდიშარიას, კახა ტატუნაშვილს და აქციის მონაწილე ყველა ექიმს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია აღნიშნული ტიპის აქციები და მერია ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭეროს მსგავს ინიციატივებს.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.