გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ანდრია გვიდიანი: ამერიკის საელჩომ მკაფიოდ უნდა განმარტოს შეესაბამება თუ არა რეალობას კასიანოვის განცხადება, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტად გადაქცევის რისკების ზრდას ისახავს მიზნად

11-01-2023

„ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ოკუპირებული საქართველოს მხრიდან, შეიარაღებით ან ცოცხალი ძალით ოფიციალურად ომის მხარეს დაფიქსირება, ზრდის საქართველოს მეორე ფრონტად გადაქცევის რისკებს. ისიც ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ არაფერია გამორიცხული ისეთი არაპროგნოზირებადი ქვეყნისგან, როგორიც რუსეთია. მაშინ, ისმის კითხვა, რას ემსახურება ეს ყველაფერი? რატომ აქტიურდება პერიოდულად ისეთი პროვოკაციული "შეთავაზებები" და "მოთხოვნები", რომელიც საქართველოს ომის მხარედ დაფიქსირებას ისახავს მიზნად?“- ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

გვიდიანი უკრაინისთვის სარაკეტო კომპლექსების გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ თემაზე ამერიკის საელჩოს მხრიდან მკაფიო განმარტებები უნდა გაკეთდეს, იყო თუ არა ასეთი შეთანხმება და შეესაბამება თუ არა რეალობას ის, რასაც კასიანოვი ამბობს?

 

“საოცარი განცხადება გააკეთა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. საქართველოსგან იმპერატიული ტონით იარაღის გადაცემა რომ მოითხოვა, იქვე აღნიშნა, რომ სანაცვლოდ ამერიკა მოგცემთ იარაღსო - ეს შეთანხმებულია ამერიკულ მხარესთანო. მოდით ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და გავიაზროთ რას უნდა ნიშნავდეს ეს აბდაუბდა განცხადება.

 

1) როგორც ვიცით, ამერიკას შეიარაღების გადაცემის პრობლემა არ აქვს და ამას ისედაც დიდი წარმატებით აკეთებს. შეიარაღების გადაცემის პრობლემა რომ არ დგას, ამას ისიც ადასტურებს, რომ, თურმე, თუ საქართველო უკრაინას იარაღს მიწვდის, აშშ დაგვიკომპენსირებს შეიარაღებას და ჩვენ მოგვცემენ ახალ თავდაცვით კომპლექსებს.

 

2) თუ ამერიკის მიზანი უკრაინის შეიარაღებაა, მაშინ რა აუცილებლობით არის განპირობებული მაინც და მაინც საქართველოს მხრიდან ჯერ უკრაინაზე იარაღის მიცემა და მერე საქართველოსთვის შეიარაღების შევსება? ეს ხომ ძალიან ალოგიკური და ჩახლართული სქემაა - პირდაპირ უკრაინას რატომ არ აძლევენ იმ "ჩვენთვის განკუთვნილ" იარაღს - ჩვენ რა შუაში ვართ?

 

3) გადასარევად ვხედავთ, რომ აშშ და NATO აურაცხელ იარაღს აძლევს უკრაინას. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ გახდა აქტუალური მაინც და მაინც საქართველოს მხრიდან რამდენიმე ბუკის და რამდენიმე ჯაველინის გადაცემის საკითხი? რომელიც სხვათა შორის, იმდენად მცირე რაოდენობის გვაქვს, შეიძლება სულ 2 საათით ეყოს უკრაინას. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ოკუპირებული საქართველოს მხრიდან, შეიარაღებით ან ცოცხალი ძალით ოფიციალურად ომის მხარეს დაფიქსირება, ზრდის საქართველოს მეორე ფრონტად გადაქცევის რისკებს. ისიც ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ არაფერია გამორიცხული ისეთი არაპროგნოზირებადი ქვეყნისგან, როგორიც რუსეთია. მაშინ, ისმის კითხვა, რას ემსახურება ეს ყველაფერი? პერიოდულად რატომ აქტიურდება ჩვენი "მეგობრებისგან" ისეთი პროვოკაციული "შეთავაზებები" და "მოთხოვნები", რომელიც საქართველოს ომის მხარედ დაფიქსირებას ისახავს მიზნად? ვფიქრობ, ზემოთ მოყვანილი კითხვები ლეგიტიმურია, რომელზეც ქართული საზოგადოება მკაფიო პასუხებს იმსახურებს. ამიტომ, ვთვლი, რომ ამ თემაზე ამერიკის საელჩომ მკაფიოდ უნდა განმარტოს, შეესაბამება თუ არა რეალობას კასიანოვის განცხადება, რომელიც საქართველოს მეორე ფრონტად გადაქცევის რისკების ზრდას ისახავს მიზნად. აქ პასუხის მხოლოდ ორი ვარიანტია:

 

1) ან ამერიკულმა მხარემ უნდა თქვას, რომ დიახ - ამერიკა მზად არის საქართველოს იარაღი მისცეს იმ შემთხვევაში თუ უკრაინას იარაღს მივცემთ და ამით გაიზრდება ჩვენი ქვეყნის მეორე ფრონტად გადაქცევის რისკები;

 

2) ან მეორე - ეს კასიანოვი ჯანმრთელი არ არის და ამ შინაარსის განცხადება მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია.

 

P.S. - დიდი იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო ამ საკითხზე მაინც დააფიქსირებს მკაფიო პოზიციას და საქართველოს მოსახლეობას გააგებინებს რას ისახავს მიზნად ამ აბლაბუდაში საქართველოს გახვევის მცდელობა”- წერს ანდრია გვიდიანი.