გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი რუსთავში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნას დაესწრო

26-01-2023

„რუსთავში ახალი, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა - ეს არის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი, მორიგი წარმატებული მაგალითი. როდესაც 7-8 წლის წინ კომპანიას გადაეცა მიწა, აქ არაფერი იყო, ფაქტობრივად, ეს იყო ტრიალი მინდორი, დღეს კი ჩვენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო მივიღეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქარხანა „სერპენსის" გახსნის ცერემონიაზე. ლევან დავითაშვილმა პირადად დაათვალიერა საწარმო და მისი მუშაობის პროცესს დეტალურად გაეცნო.


საწარმო, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით აშენდა, აქამდე "რუსთავოილის" სახელით ფუნქციონირებდა, თუმცა მას გაფართოება/განახლების და გადაიარაღების შემდეგ "სერპენსი" ეწოდა. საწარმოში განხორციელდა 30 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია და როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სრულად არის შესრულებული ინვესტორების მიერ სახელმწიფოსადმი აღებული ვალდებულებები. ქარხანა აწარმოებს მაღალი ხარისხის, ევროსტანდარტის შესაბამის ბიტუმს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ხარისხიანი გზების მოწყობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის შენების პროცესში, ამასთან, ის აკმაყოფილებს სხვადასხვა რეგიონის კლიმატურ პირობებს. დღესდღეობით საწარმოში 70 ადამიანია დასაქმებული.


„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საწარმო ათობით პროფესიონალს ასაქმებს, პირველ რიგში კი ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს არის საწარმო, რომელიც თანამდეროვე ეკოლოგიურ მოთხოვნებს შეესაბამება, მისი გარემოზე ზემოქმედება მინიმუმზეა დაყვანილი ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკის განვითარება იყოს მდგრადი და, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესებს პასუხობდეს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საწარმოში სხვა ბევრი ნავთობპროდუქტის წარმოება იგეგმება. მისი განცხადებით, ეკონომიკის განვითარებაზე საუბრისას სწორედ ასეთი საწარმოები იგულისხმება - როდესაც საქართველოში იქმნება დამატებითი ღირებულება.


„ჩვენ შეიძლება ყველა ნედლეული არ გვქონდეს, არც ნავთობის დიდი რესურსები გაგვაჩნია, თუმცა, გეგმები გვაქვს, რომ უფრო მეტი გვქონდეს. მაგრამ ჩვენ „შუა დერეფნის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ, საქართველოში შეიძლება ნედლეულის გამჭრიახად შემოტანა და გადამუშავება, მაღალტექნოლოგიური პროცესების საქართველოში წარმოება და ზოგადად, დამატებითი ღირებულების აქ შექმნა და ჩვენს ეკონომიკაში წვლილის შეტანა. ეს საწარმო კი სრულ თანხვედრაშია ჩვენს ეკონომიკურ გეგმებთან და მიზნებთან", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.