1-02-2023
დსთ-ს გენერალური მდივნის, სერგეი ლებედევის ინფორმაციით, უკრაინა დე-იურე რჩება დსთ-ს შემადგენლობაში, მან თანამეგობრობის ჩარჩოში გაფორმებული შეთანხმებების მხოლოდ 20% -დან გამოვიდა. ასეა თუ ისე, სხდომის დარბაზში, დსთ-ს სხვა წევრი ქვეყნების სახელმწიფო დროშების გვერდით, ჩვენ უკრაინის დროშაც ვიხილეთ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ლებედევის მონაცემებს ინფორმაციის ღია წყაროებიც ადასტურებენ.
„2023 წლის 31 იანვარს მინსკში გაიმართა დსთ-ს (СНГ) წევრი-ქვეყნების აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. საქართველოს დელეგაცია მინსკში ვერ იქნებოდა, ვინაიდან 2009 წლის 18 აგვისტოდან, შესაბამისი პროცედურების იურიდიულად გაფორმების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად დატოვა ამ ორგანიზაციის რიგები. გასაგები მიზეზების გამო, მინსკში ვერ იქნებოდა უკრაინის დელეგაციაც, თუმცა დსთ-ს გენერალური მდივნის, სერგეი ლებედევის ინფორმაციით, უკრაინა დე-იურე რჩება დსთ-ს შემადგენლობაში, მან თანამეგობრობის ჩარჩოში გაფორმებული შეთანხმებების მხოლოდ 20% -დან გამოვიდა. ასეა თუ ისე, სხდომის დარბაზში, დსთ-ს სხვა წევრი ქვეყნების სახელმწიფო დროშების გვერდით, ჩვენ უკრაინის დროშაც ვიხილეთ.
ლებედევის ინფორმაციით, დსთ-ს დანარჩენი ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან - უკრაინა დღემდე არ გამოსულა, თუმცა ორგანიზაციის დარგობრივი საბჭოებისა და სტრუქტურების მუშაობაში აღარ მონაწილეობს. სერგეი ლებედევის აღნიშნულ მონაცემებს ადასტურებენ ინფორმაციის ღია წყაროებიც.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლის 19 მარტს, უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის დსთ-ში თავმჯდომარეობის შეჩერების თაობაზე. 2014 წლის 8 დეკემბერს უზენაესი რადას დეპუტატებმა დაიწყეს მუშაობა უკრაინის დსთ-ს რიგებიდან გამოსვლის პროცედურის ინიცირებაზე. 2016 წლის 9 ნოემბერს რადაში წარადგინეს დსთ-დან უკრაინის გამოსვლის კანონპროექტი. 2018 წლის მარტში პრეზიდენტი პოროშენკო გამოვიდა წინადადებით - სამთავრობო კაბინეტთან ერთად, მომზადებულიყო დოკუმენტი დსთ-ში ქვეყნის მუშაობის ოფიციალური დასრულებისა და ამ ორგანიზაციაში უკრაინული წარმომადგენლობის საბოლოო დახურვის თაობაზე.
2018 წლის 19 მაისს პოროშენკომ მოაწერა ხელი განკარგულებას, რომელმაც მოქმედებაში მოიყვანა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება დსთ-ს საწესდებო ორგანოებში უკრაინის მონაწილეობის საბოლოო შეჩერების შესახებ. 2018 წლის 28 აგვისტოს, უკრაინამ დახურა თავისი წარმომადგენლობები დსთ-ში. მიუხედავად ამისა, დსთ-ს აღმასკომმა 2019 წლის 11 ოქტომბერს თავის სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევი გაუგზავნა პრეზიდენტ ზელენსკის, თუმცა იგი ამ შეხვედრას არ დაესწრო. მიუხედავად ამისა, დსთ-ს ყოველ სხდომაზე დაჯავშნულია ადგილი უკრაინული დელეგაციისთვის და სხდომათა დარბაზში წარმოდგენილია მისი სახელმწიფო დროშა - ვინაიდან დსთ-ს აღმასკომს დღემდე არ მიუღია უკრაინის ხელისუფლების მიერ ორგანიზაციიდან გამოსვლის თაობაზე ოფიციალური შეტყობინება. ასევე, დსთ-ში თავის წევრობას აგრძელებს მოლდოვა.
გამოდის, რომ, ასოცირების ტრიოს წევრი ქვეყნებიდან, მხოლოდ საქართველო არ შედის დსთ-ს რიგებში, მაშინ როდესაც დე-იურე მანდ დღემდე ირიცხება უკრაინა, ხოლო დე-ფაქტო და დე-იურე - მოლდოვაც. ამავდროულად, გამოქვეყნდა 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსები“, სადაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს და ევროპაში საუკეთესოთა ოცეულშია (იტალიასთან, სლოვენიასთან და ჩეხეთთან თანაბარი ქულებით) და უსწრებს ევროკავშირის 9 და NATO-ს წევრ 11 ქვეყანას. მაშინ, როდესაც სომხეთი ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 63-ე, მოლდოვა - 91-ე, უკრაინა - 116-ე, რუსეთი - 137-ე, ხოლო აზერბაიჯანი - 157-ე ადგილზეა. ფორმალურად და ლოგიკურად, გამოდის, რომ საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურაში, ჩვენი ქვეყნის 2009 წელს დსთ-ს რიგებიდან გამოსვლის ფაქტორმა რეალურად დახმარება კი არ გაგვიწია, არამედ შეაფერხა ეს პროცესი“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.