გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რა საფრთხეებს უქმნის ქვანახშირის თბოელექტროსადგური ქვემო ქართლის მოსახლეობას

30-11-2017

გარდაბანში 300 მეგავატი სიმძლავრის ქვანახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს გარემოსდაცვით ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ნინო გუჯარაიძის განცხადებით, ქვანახშირის ნებისმიერი ტექნოლოგიით წვის შედეგად, გამოიყოფა საშიში დამაბინძურებელი ნივთიერებები, მათ შორის გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები, პოლიციკლური ნახშირწყალბადები, შეწონილი ნაწილაკები (PM2.5 და PM10) და ა.შ. რაც ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას.

ქვანახშირის თბოელექტროსადგურის ოპერირებისას შეწონილი ნაწილაკები წარმოიშვება ძალიან დიდი ოდენობებით და წყაროდან რამდენიმე ასეულ კილომეტრზე შეუძლიათ გავრცელება. შეწონილ ნაწილაკებს PM2.5-ს გააჩნია ლიმფურ კვანძებში შეღწევის, ფილტვების ალვეოლებში გაჩერებისა და ლორწოვანი გარსის დანაგვიანების უნარი და იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ბრონქიტები, ემფიზემები, ფილტვის კიბო, ათეროსკლეროზი, გულის დაავადებები.

„მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ქვანახშირის წვის შედეგად წარმოქმნილი ბოლი კლასიფიცირებულია კარცენოგენად. ამასთან, ქვანახშირი შეიცავს მცირე რაოდენობით ელემენტებს, როგორიცაა ვერცხლისწყალი, კადმიუმი, ტყვია, დარიშხანი და რადიოზოტოპები. ქვანახშირის თბოელექტროსადგურები მიჩნეულია ვერცხლისწყლის ემისიების მეორე ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ მსოფლიოში. იწვევს შეუქცევად ცვლილებებს ბავშვის ტვინში და აფერხებს განვითარებას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 2016 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა და სიკვდილიანობის გლობალური ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე დაახლოებით 90 სიკვდილის შემთხვევაა ნაანგარიშევი ატმოსფერული ჰაერით გამოწვეული დაავადებების შედეგად.

„მწვანე ალტერნატივა“ ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მხრივ, რეგიონების მიხედვით ქვემო ქართლი (28.1%) მეორე ადგილზეა ქვეყნის მასშტაბით, რაც ორგანიზაციის განცხადებით, განპირობებულია ქალაქ რუსთავსა და გარდაბანში არსებული ენერგეტიკული და სამშენებლო საწარმოების არსებობით.

გარემოსდამცველების შეფასებით, რეგიონში ახალი ქვანახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა კიდევ უფრო სავალალოს გახდის სიტუაციას ჰაერის დაბინძურების მხრივ.

„საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „CPower“-ს და ჩინურ კორპორაცია „Dongfang Electric Corporation“ შორის ხელი მოეწერა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 300 მგვტ. ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვის და მშენებლობის ხელშეკრულებას. მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და 2020 წელს თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევა.

თავდაპირველად 150 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა ტყიბულში იგეგმებოდა და უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 2016 წლის 30 სექტემბრისა და დასრულებულიყო 2020 წლის 1 იანვრამდე. 2016 წლის 30 ივნისს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ნახშირზე მომუშავე სადგური აშენდება არა ტყიბულში, არამედ გარდაბანში. 

წყარო: reginfo.ge