3-02-2023
„2 კვირაზე ნაკლები დრო დარჩა ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე. ინფრასტრუქტურის ნაწილში ყველა ძირითადი სამუშაო, პრაქტიკულად, დასრულებულია. ბოლო ეტაპზეა სპორტსმენთა სოფლის მშენებლობა და მოწყობა. საქართველომ უკვე მიიღო ძალიან მაღალი შეფასება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან ყველა შესრულებულ სამუშაოზე ინფრასტრუქტურის თაობაზე, რომელიც ჩვენმა საორგანიზაციო გუნდმა შეასრულა. ყოველივე ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის, განსაკუთრებით, სამთო ტურიზმის განვითარებას და ამ მხრივ, საქართველოს სწორ პოზიციონირებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის სათანადო ორგანიზებისთვის უწყებათაშორის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე, რომელიც ბაკურიანში გაიმართა, განიხილეს ჩემპიონატის საორგანიზაციო, სატრანსპორტო - ლოგისტიკური და უსაფრთხოების საკითხები.
თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კომპანია „სილქნეტია".