3-02-2023
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ მარიუს სკუოდისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის პერსპექტივები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორებში როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში. განსაკუთრებულად ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას ევროკავშირთან.
აღინიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, დღის წესრიგში დადგა ტრანზიტის მარშრუტების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და მოთხოვნა გაიზარდა ტვირთების მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტებზე. ქართულმა მხარემ ისაუბრა შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ევროპა - აზიის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის მეტად განვითარებით და მარშრუტის სხვა მონაწილეებთან ერთად აქტიურად მუშაობს სატრანზიტო ტვირთების მოსაზიდად.
მნიშვნელოვანი სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტების ჩამონათვალში, ქართულმა მხარემ დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის მშენებლობაც ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში, მათ შორის, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე კარგო მიმართულებით. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი ავიამიმოსვლის დანიშვნა თბილისსა და ვილნიუსს შორის დამატებით სტიმულს მისცემს.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობაზე ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნების ინტერნეტიზაციისა და ციფრული სერვისების განვითარების მიმართულებით.
ამასთან, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ციფრული სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) განვითარების მნიშვნელობაზე. ქართულმა მხარემ ინფორმაცია მიაწოდა ლიეტუველ კოლეგებს, რომ აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და მოიცავს, ერთი მხრივ, შავი ზღვის გავლით ევროპა - აზიის დამაკავშირებელი მაგისტრალის, და მეორე მხრივ, საქართველოში რეგიონული დატა - ცენტრების განვითარებას.