8-02-2023
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის შეჯამებისას აღნიშნა, რომ პარლამენტმა და საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ საქმეში, რასაც მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა ქვია. მისი თქმით, ამან ქვეყანას საშუალება მისცა უზრუნველეყო 2%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც თავის მხრივ ქვეყნის მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ხმარდება. იქნება ეს სკოლების, ბაღების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის შექმნის სახით.
„პარლამენტმა გასული წლის განმავლობაში, კერძოდ გასული ნახევარი წლის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შედეგად შეძლო და ევროკავშირის ის 12 რეკომენდაცია პირნათლად შეასრულა, რომლის შესრულებაც უმრავლესობას მარტო შეგვეძლო. ახლა დარჩენილია რამდენიმე ის საკითხი, რომელშიც ოპოზიციის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ის ფრთა, რომელსაც რეალურად აინტერესებს ქვეყნის მომავალი ევროკავშირის საზღვრებში, აქტიურად ჩაერთვება და თავის დადებით წვლილს შეიტანს შემდგომში ამ საქმეში," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობა აგრძელებს მუშაობას ერთის მხრივ ევროკავშირის მიმართულებით და მეორე - საქართველოს ეკონომიკის და პოლიტიკის განვითარებისაკენ, რაც გულისხმობს საჯარო სტრუქტურების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და შემდგომ მშენებლობას, რაც საბოლოო ჯამში აისახება ქვეყნის კეთილდღეობის კიდევ უფრო მაღალ დონეში.