გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებელია, რომ ძალიან მოკლე პერიოდში გაირკვეს სააკაშვილების ოჯახის თანხებისა და ქონებების წარმომავლობა - პიარკამპანიაში რომ ამდენს იხდიან, წარმოგიდგენიათ, რეალურად რა თანხის მფლობელები არიან?!

9-02-2023

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, აუცილებელია იმ თანხების წარმომავლობის გარკვევა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ ლობისტების დაქირავებაში გადაიხადა.

 

„გუშინ საკმაოდ ბევრი შეფასება გაკეთდა. ყველამ დაინახა, რაზეც მანამდე ჩვენ ვსაუბრობდით - ეს არის ერთიანი კამპანია, სპეცოპერაცია, წინასწარ შედგენილი გეგმა, თავისი რაციონით, როგორ უნდა მიეყვანა საქმე თვითდაზიანებით იქამდე, რომ ეს პროცესი საერთაშორისო დონეზე გასულიყო და ამაზე საუბარი დაეწყოთ. შესაძლებელი იყო, ამ ხელშეკრულებას მანამდე ენახა დღის შუქი, თუმცა დაელოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, გუშინ გამოაჩინეს და ცხადი გახდა, რომ არა მხოლოდ Global point-თან გაფორმებული ხელშეკრულების $15 000, არამედ $1 000 000-მდეა გადახდილი.

 

ყოველთვის კითხვებს ვსვამდით ამ ოჯახთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლისას გვახსოვს ეს „დემოკრატიის შუქურა“, როგორ მოვიდა ასი დოლარით, როგორ ჰპირდებოდა საზოგადოებას: ჩემი მინისტრები სულ ეკონომკლასით იფრენენ, მოსული ვართ ცარიელი ჯიბეებით და ასევე წავალთო. ჩვენ დავინახეთ, როგორ ცარიელი ჯიბეებით წავიდნენ. მაგალითად, თავდაცვის მინისტრი ომის შემდეგ როგორ გახდა მილიარდერი და დღეს ტელეკომპანიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მფლობელია.

 

ოჯახი წუწუნებდა, თითქოს უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა სააკაშვილი და იქიდან ჰქონდა ჰონორარები - ზღაპრებს გვიყვებოდნენ. ეს თანხები არის სწორედ იმ დროის, როცა კულუარული ინფორმაცია გვქონდა თითოეულ ჩვენგანს და არაფორმალურად ქონებებს ართმევდნენ ადამიანებს, ხან ვის ბიზნესს იფორმებდნენ, ხან - ვისას, და, რა თქმა უნდა, გუშინდელი ინფორმაციის შემდეგ, თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით თითოეულ მოქალაქეს ებადება კითხვები. რაღაც დროის შემდეგ, დაწყნარებულ გონებაზე, ყველა ვკითხავთ საკუთარ თავს, რაში იხდიდნენ ეს ადამიანები ფულს.

 

განა იმაში, რომ ემკურნალათ, ან მაღალი დონის ექიმები ჩამოეყვანათ ადამიანისათვის, რომელიც მძიმედაა და კვდება, არამედ პიარკამპანიაში, ლობისტურ კომპანიაში, რომელიც ლეგალურია აშშ-ში. ეს კომპანია ვერ დამალავდა დადებულ ხელშეკრულებას, ამიტომ გამოაშკარავდა ყველა ის მონაწილე, რომელიც უკვეთდა ამ სტატიებს. გუშინ კითხვებს თავი აარიდა ყოფილმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რაც ბადებს ეჭვს, რომ ისიც გარეულია ამ საქმეში. ახლა დაწყებულია კამპანია, თითქოსდა მაღალი თანამდებობის პირებმა რაღაც დაწერეს, რათა სოლიდარობა გამოეცხადებინათ სააკაშვილის მიმართ სხვა ქვეყნის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს. ეს ყველაფერი არის ერთიანი კამპანიის ნაწილი.

 

ეს ყველაფერი ნათელი გახდა გუშინ ქართული საზოგადოებისათვის. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ბრძოლების ხარჯზე გვიწევს, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. ძალიან მძიმეა ხელისუფლებისთვის, საქმის კეთების პარალელურად, ამდენი გამოწვევისთვის თავის გართმევა, მაგრამ ეს ჩვენი ვალია, ამას აუცილებლად გავუძლებთ და ასეთი მხილება ყოველთვის ქართული საზოგადოების სასარგებლოდ მოხდება.

 

ამერიკის კანონმდებლობა განსხვავებულია და მათ ჰქონდათ ექვსთვიანი ვადა, რომ წარმოეჩინათ გაფორმებული ხელშეკრულების დოკუმენტაცია. სულ რაღაც ორი კვირა ჰქონდათ დარჩენილი ვადის ამოწურვამდე. როგორც ვიცი, ექვსი თვის ვადაში გაუმჟღავნებლობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭებოდა, თუმცა ამაში კომპეტენტური არ ვარ და არ მინდა, საზოგადოება შეცდომაში შევიყვანო. მაგრამ ფაქტია, იქ ლეგალურია ეს თემა. ჩემი ინფორმაციით, მასიმო დანჯელო ყოფილა იურისტი არა ადამიანის უფლებების, არამედ უძრავი ქონების დარგში და ვიხუმრე, რომ, ალბათ, უკვე შეგუებულნი არიან, რომ მიხეილ სააკაშვილი უძრავი ქონებაა.

 

რაც შეეხება ოჯახის თანხების წარმომავლობას, კითხვები უდავოდ ჩნდება. მანამდეც იყო ამაზე საუბარი და ახლა გასცეს პასუხი ოჯახმა, თუ საიდან აქვს ამხელა თანხები. წარმოგიდგენიათ, ამ პიარკამპანიაში რომ ამდენს იხდიან, რეალურად რა თანხის მფლობელები არიან?! მე შევახსენე საზოგადოებას, როგორ მოვიდნენ ეს ადამიანები ხელისუფლებაში და როგორ ამაყობდნენ ცარიელი ჯიბეებით მოსვლით, მაგრამ როგორ დატოვეს ხელისუფლება გამდიდრებულებმა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.