14-02-2023
კომპანია „ბლექროკი“ - ერთი ხელით ანგრევს უკრაინას, მეორე ხელით „აშენებს”, - ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სტატიაში წერს.
მისი თქმით, რაც შეეხება მსოფლიოში უმსხვილეს, ამერიკულ საინვესტიციო და აქტივების მმართველ კომპანია „ბლექროკს”, ის ხშირად ფიგურირებს იქ, სადაც ომი და ხანგრძლივი კონფლიქტებია.
„გასული წლის მიწურულს, უკრაინის პრეზიდენტმა უმსხვილეს ამერიკულ საინვესტიციო და აქტივების მმართველ კომპანია „ბლექროკთან” მემორანდუმი (ბმული 1) გააფორმა.
დოკუმენტი ითვალისწინებს შეთანხმებას, რომ უკრაინის აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესს სწორედ აღნიშნული კომპანია უხელმძღვანელებს. არაფერი იქნებოდა გასაკვირი, ერთი მნიშვნელოვანი გარემოების გარეშე – „ბლექროკი” არის იარაღის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების მსოფლიოში ყველაზე დიდი ინვესტორი და აქტივების მფლობელი.
ომიდან 1 წლის თავზე, თუ რაიმე ცხადზე უცხადესია, ეს არის – ომით მოგებულთა და ომით დაზარალებულთა ვინაობა.
ომით უდიდეს მოგებას ნახულობენ იარაღის მწარმოებელი და მოვაჭრე საერთაშორისო კორპორაციები, პარალელურად კი, ომს ეწირება ასეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე.
ომმა უკრაინას მოუტანა შეუფასებელი დანაკარგები – დაღუპული ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა, ქვეყნიდან გადინებული მილიონობით მოქალაქე, დაკარგული ტერიტორიები, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, განადგურებული ინფრასტრუქტურა და ა.შ. ომის ფონზე, სარგებლის მომლოდინე უმსხვილესი კორპორაციები ღიად მხარდაჭერილია ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან. გასული 1 წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა(ბმული 2) გაიმართა “პენტაგონში,” კომპანიების წარმომადგენლებსა და თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შორის. თავად პრეზიდენტი ბაიდენი, საკმაოდ გულწრფელი იყო მის განცხადებაში(ბმული 3), რომელიც “ჯაველინის” მწარმოებელი კომპანიის (Lockheed, აღნიშნული კომპანიის აქციონერია ზემოთ ხსენებული “ბლექროკი”) თანამშრომლებთან შეხვედრაზე გააკეთა: “თქვენ ხდით შესაძლებელს დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი ისე, რომ ჩვენ არ დავდგეთ მესამე მსოფლიო ომის რისკის წინაშე, რუსეთის ჯართან საბრძოლველად ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნით”. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, 2021 წელს, იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა აშშ-ის ბიუჯეტიდან $768 მილიარდი მიიღეს.
აშშ-ის და მოკავშირეების მხრიდან უკრაინის ხანგრძლივად და უწყვეტად იარაღით მომარაგებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა. კონგრესის მიერ, უკრაინის დახმარებისთვის გამოყოფილი მილიარდებიდან უდიდესი ნაწილი სწორედ იარაღის მწარმოებელ კომპანიებში მიედინება. თავის მხრივ აღნიშნული კორპორაციებიც მილიონობით დოლარს ხარჯავენ ლობიზმში, რათა კონგრესმა უფრო მეტი და მეტი ფული გამოყოს უკრაინაში იარაღის გასაგზავნად. ამ ყველაფერს ემთხვევა შვედეთისა და ფინეთის მიერ NATO-ში გაწევრიანების სურვილი და გერმანიის განცხადება თავდაცვისთვის $100 მილიარდზე მეტის გამოყოფის შესახებ, აღნიშნული სიახლეებიც საგრძნობლად აისახება იარაღზე მზარდ მოთხოვნაზე. რაც შეეხება მსოფლიოში უმსხვილეს, ამერიკულ საინვესტიციო და აქტივების მმართველ კომპანია „ბლექროკს”, ის ხშირად ფიგურირებს იქ, სადაც ომი და ხანგრძლივი კონფლიქტებია. „ბლექროკი” მის მფლობელობაში არსებული კომპანია „Lokheed Martin”-ის მეშვეობით იარაღს ყიდის საუდის არაბეთზე, რომელიც დაუსრულებელ ომს აწარმოებს იემენთან.
„ბლექროკს” რეპუტაციული პრობლემები აქვს ამერიკაშიც, სამოქალაქო ორგანიზაციები კომპანიას ადანაშაულებენ გარემოსთვის ზიანის მიყენებაში, სამხედრო და სამოქალაქო იარაღის წარმოებით კონფლიქტების და სისხლისღვრის წაქეზებაში, ასევე სირიის, იემენის, ერაყისა და ავღანეთის ომებიდან სარგებლის მიღებაში. უკრაინაში კი, ამერიკული კომპანია „ბლექროკი” მოგებას იღებს როგორც იარაღის წარმოების და მიწოდების გაზრდილი მოცულობიდან, ასევე უკრაინის ხელისუფლებასთან გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, მოგებას ნახავს უკრაინის ომის შემდგომი, აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესში, რაც სხვადასხვა დათვლებით $500 მილიარდზე მეტი დაჯდება. ბმული 1 – https://is.gd/djhIla; ბმული 2 – https://is.gd/7kITc1; ბმული 3 – https://is.gd/04P174 “, - აღნიშნავს ვატო შაქარიშვილი.