გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

14-02-2023

ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინა და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით.


გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამოღებული და შესწავლილია მოქალაქეების მიერ გადაღებული, ფაქტის ამსახველი კადრები. პოლიციამ უკვე გამოკითხა თვითმხილველები.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწრაფმავალი კატარღებით ეტაპობრივად ახდენენ ბათუმისა და ფოთის მიმდებარე აკვატორიის, ასევე, ნავსადგურების დათვალიერებას, აგრეთვე ახორციელებენ ანაკლიიდან სარფამდე სანაპირო ზოლის მონიტორინგს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები კი სპეციალური დრონების საშუალებით პერიოდულად მონიტორინგს ახორციელებენ.


მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ და კოორდინირებულად მუშაობენ.
ნებისმიერ შეტყობინებასა თუ ინფორმაციაზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს კრიმინალური პოლიცია.


სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის მეშვეობით მოახდენენ სანაპირო ზოლის დაცვის მონიტორინგს, განახორციელებენ უსაფრთხოების შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ამასთანავე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მეთევზეებთან, სანაოსნო-სატრანსპორტო საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.


უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ განთავსდება სპეციალური ბარიერები.


საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გამოიცა სპეციალური ცირკულარი, ნავიგაციის უსაფრთხოების ზომების შესახებ. ნავსადგურების კაპიტნებისა და ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის, კომერციული, სატრანსპორტო და სატვირთო გემების, აგრეთვე თევზსაჭერი სეინერების წარმომადგენლების ინფორმირება.რეგიონში არსებული ვითარების გამო, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა შავი ზღვის მიმდებარე სხვა სახელმწიფოებშიც.


საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტსა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, გასული წლის განმავლობაში განხორციელდა ინფორმაციის მოწოდება, კერძოდ, ბულგარეთის შავი ზღვის სასაზღვრო საკოორდინაციო და საინფორმაციო ცენტრიდან და თურქეთის ეროვნული საკოორდინაციო ცენტრიდან მიღებულ იქნა ინფორმაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების საზღვაო სივრცეში (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და უკრაინა) აღმოჩენილი მცურავი ნაღმების შესახებ. ასევე გვეცნობა, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების (შტორმი) შედეგად, შესაძლებელია, მცურავი ნაღმები შემოტანილ იქნას საქართველოს საზღვაო სივრცეში.


შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ზღვაში ან სანაპირო ზოლზე საეჭვო ნივთის შემჩნევის ან აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია" - ნათქვამია განცხადებაში.