15-02-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის მონაწილეობით, ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის საკოორდინაციო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილეს საორგანიზაციო, სატრანსპორტო უზრუნველყოფის, ლოგისტიკის, უსაფრთხოებისა და სამედიცინო დახმარების საკითხები.
მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატი კომპლექსური ღონისძიებაა, რომლის ფარგლებში გვჭირდება არა მხოლოდ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურული სამუშაოების, არამედ უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა. მისი თქმით, შესრულებული სამუშაო იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს. „ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება დიდი მიღწევა და აღიარება, რომელიც საქართველოს მოუტანს კიდევ უფრო მეტ ცნობადობას და მეტ ტურისტს," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაზე საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს მათი უწყებების მხრიდან უკვე განხორციელებულ და ჩემპიონატის მსვლელობისას დაგეგმილ სამუშაოებზე. ითქვა, რომ მოსამზადებელ პერიოდში ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობდა, რაც დადებითად აისახა მიღებულ შედეგზე, რადგან ჩემპიონატი კარგად არის ორგანიზებული.
ასევე აღინიშნა, რომ ბაკურიანში 16 თებერვლიდან დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისრიალონ დიდველისა და კოხტას ტრასებზე, მათთვის გაიხსნა სამი ახალი საბაგირო. ეს ინფრასტრუქტურა მომავალში კიდევ განვითარდება, რაც ბაკურიანში დასვენებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე მთის ტრასების სააგენტოს, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელი პირები და სხვ.