21-02-2023
ჩვენი კანონპროექტის საკვანძო სიტყვაა „გამჭვირვალობა“, რაც საზოგადოების მეტად ინფორმირებულობას ემსახურება, - ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია თვალსაჩინო გახდეს, რას ხმარდება უცხოეთიდან შემოსული თანხები.
„საქართველო არის მულტიეთნიკური, მულტიკონფესიური, დიასპორულად მრავალფეროვანი საზოგადოება და თითოეულ ჯგუფს ჰყავს თავისი მაყურებელი - თურქეთი, ირანი, ისრაელი და ა.შ. ამ ქვეყნებს თავიანთი კულტურული საყრდენი საქართველოში ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სახით ჰყავთ. ისინი ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ, ხოლო საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, რა ტიპის ფინანსები შემოდის და რა მიზნით.
ვინმეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოში რომელიმე ორგანიზაციას საქმიანობა ეკრძალება? ვინმეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონპროექტამდე რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა, ისე, როგორც ეს უკრაინაში ხდება? ამ საკითხებს ძალიან ფაქიზად ვეკიდებით.
ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვარ, რომელიც FARA-ს კანონით 2014 წელს დაინტერესდა, რადგან მომდიოდა ინფორმაციები, რომ ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაციები ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონში, სომხებით დასახლებულ სოფლებში, აწარმოებდნენ გამოკითხვას, თუ რა აზრის იყვნენ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. საინტერესოა, ვის მოუვიდა აზრად იმ რეგიონში, სოფლებში ამ გამოკითხვების ჩატარება?
2016 წელს ბორჯომში ჩატარებულა თურმე ტრენინგები, რომლებიც ეხებოდა 12 წლის მოზარდებში გენდერული თვითიდენტიფიცირების თავისუფლებას - რომ 12 წლის ასაკში ბავშვს აქვს უფლება აირჩიოს, ვინ უნდა იყოს - ბიჭი, თუ გოგო. ამ კვლევის შესახებ გავიგე 2022 წლის მიწურულს. ამ ორგანიზაციებისთვის არავის არაფერი აუკრძალავს, უბრალოდ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის მოდის ეს ფული და რაში იხარჯება, რადგან პერიოდულად გვაყვედრიან კიდეც, რომ თურმე საქართველომ მიიღო ამა და ამ ოდენობის თანხა. შემდეგ ირკვევა, რომ ეს თანხები არა სახელმწიფომ, არამედ კონკრეტულმა ორგანიზაციებმა მიიღეს. ამიტომაა საჭირო, რომ აღრიცხვაზე ავიყვანოთ ასეთი კომპანიები და წლიურად მოვთხოვოთ ხარჯთაღრიცხვა ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილის დეკლარაცია და დაფინანსება“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.