21-02-2023
დღეს საქართველოს წინაშე ბევრი გლობალური თუ ლოკალური საფრთხე დგას, რომელიც სერიოზულ გამოწვევებს ქმნის ჩვენი ქვეყნის სტაბილური, უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარებისათვის, - განცხადებას სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი ავრცელებს.
როგორც ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულია კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.
„გარე ძალების ნეგატიური გავლენის შემცირებისა და თავიდან აცილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ინფორმაციაა, სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულია კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.
საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია საქმიანობს და მათი საქმიანობა, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა, მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის შენებისა და დემოკრატიის განმტკიცებისაკენ. ასევე, ბევრია, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალები, რომლებიც, პირიქით, ჩვენი ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან და ნეგატიური პროცესების ხელშეწყობას ცდილობენ.
შესაბამისად, ქართული საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს მათი დაფინანსების უცხოური წყაროების შესახებ, რათა თავად გადაწყვიტოს, ვის დაუჯეროს, ვისი პოზიციები არ გაიზიაროს და სათანადო გადაწყვეტილებები გააზრებულად მიიღოს. საქმიანობის გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება დემოკრატიული კულტურის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
ეს ვალდებულება ასოცირების შეთანხმების თითქმის ყველა მუხლს გასდევს ლაიტმოტივად, რაც საჯარო ინსტიტუციების პროაქტიულ ანგარიშგებას და საჯარო ინფორმაციის ადვილად ხელმისაწვდომობას გულისხმობს. შესაბამისად, აღნიშნული კანონი ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.ახალი კანონი არ ზღუდავს ამ კანონის საფუძველზე უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას (მუხლი 1). იგი განმარტავს უცხოური გავლენის აგენტის ცნებას და აწესრიგებს უცხოური გავლენის აგენტის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონის თანახმად, არასამეწარმეო იურიდიული პირები (და არა ცალკეული ფიზიკური პირები) ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაცია შეავსონ იმ შემთხვევაში, თუ მათი წლიური შემოსავლის ან ხარჯის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია, შექმნას რეესტრი, რომელიც ინტერნეტსივრცეში განთავსდება. შედეგად, ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის იოლად ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის თუ მედია-საშუალების დაფინანსების წყაროების შესახებ.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდა აშშ-ში მოქმედი კანონის - უცხოური გავლენის აგენტთა რეგისტრაციის შესახებ აქტის (Foreign Agents Registration Act (FARA) საფუძველზე, თუმცა, მისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლები ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს. კანონპროექტის შემუშავების პროცესში, ასევე, გათვალისწინებული იყო ის პრაქტიკა და კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს გერმანიაში, ავსტრალიაში, ისრაელში და ა.შ“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.