გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

როგორი კანონები მოქმედებს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში უცხოური გავლენისა და ჩარევის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით

23-02-2023

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“„ხალხის ძალის“ მიერ  წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო დღეების განმავლობაში აქტიური განხილვის საგანია. თავდაპირველად 14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. თუმცა, მალევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.


ამის შემდეგ კი, 21 თებერვალს „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.


„იმედინიუსი“ დაინტერესდა როგორი კანონები მოქმედებს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყანაში უცხოური გავლენის და ჩარევის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. წარმოგიდგენთ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიისა და კანადის მაგალითებს.


ავსტრალია


უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ავსტრალიის სტრატეგიის მიზანია ავსტრალიის სუვერენიტეტის, ღირებულებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა უცხოური ჩარევისგან. აღნიშნული სტრატეგია თანაბრად ვრცელდება ყველა ქვეყანაზე და ფოკუსირებულია მედეგობის გაძლიერებაზე ავსტრალიური საზოგადოების იმ სექტორებში, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება უცხოური ჩარევა.


ავსტრალიური კანონმდებლობის თანახმად, უცხოური ჩარევა ხდება მაშინ, როდესაც საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს უცხო ძალა, ან მისი სახელით ხდება, არის იძულებითი, კორუმპირებული, შეცდომაში შემყვანი ან ფარული და ეწინააღმდეგება ავსტრალიის სუვერენიტეტს, ღირებულებებსა და ეროვნულ ინტერესებს.


“მნიშვნელოვანია განვასხვავოთ უცხოური ჩარევა უცხოური გავლენისგან. ყველა მთავრობა, მათ შორის ავსტრალიის მთავრობა, ცდილობს გავლენა მოახდინოს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ავსტრალია არ არის შეშფოთებული უცხოური გავლენით, რომელიც ღია და გამჭვირვალეა და პატივს სცემს ჩვენს ხალხს, საზოგადოებასა და სისტემებს”, - ნათქვამია ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.


2018 წლის აპრილში ავსტრალიის მთავრობამ დანიშნა ეროვნული კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელია უცხოური ჩარევის საკითხებზე.
ავსტრალიაში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაციის გადაცემა შესაძლო უცხოური ჩარევის აქტივობის შესახებ.


დიდი ბრიტანეთი


დიდ ბრიტანეტში უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა (FIRS) მოქმედებს, რომელიც მიზნად ისახავს გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური სისტემის მდგრადობის გაძლიერებას ფარული უცხოური გავლენისგან.


“მთავრობა ამ ნაბიჯს დგამს, რათა უზრუნველყოს, რომ გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები დაცული იყვნენ ფარული გავლენისგან და საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული ჩვენს პოლიტიკურ საქმეებში უცხოური გავლენის ბუნებისა და მასშტაბის შესახებ”, - წერია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე.     უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა შემდეგი მოქმედებების რეგისტრაციას მოითხოვს:

•    შეთანხმებები გაერთიანებული სამეფოს შიგნით პოლიტიკური გავლენის აქტივობების განსახორციელებლად უცხოელი პრინციპალის მითითებით (უცხოური გავლენის შეთანხმება). დარეგისტრირებაზე პასუხისმგებელი იქნება უცხოელ პრინციპალთან შეთანხმების მიმღები პირი.

•    პოლიტიკური გავლენის აქტივობა, სადაც საქმიანობას ახორციელებს თავად უცხოელი პრინციპალი. პოლიტიკური გავლენის აქტივობების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი იქნება უცხოელი პრინციპალი.


კანონმდებლობის თანახმად, უცხოელი პრინციპალი არის უცხო სახელმწიფო ან უცხოური იურიდიული პირი ან ასოციაცია, რომელიც შექმნილია დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ.


სქემის მიზანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა პოლიტიკური გავლენის აქტივობისთვის, რომელიც კეთდება უცხოური ძალისთვის ან ორგანიზაციისთვის, სადაც ამ უცხოური ძალის ან ორგანიზაციის ჩართულობა სხვაგვარად შეიძლება არ იყოს აშკარა.


რეგისტრაციას დაქვემდებარებული პოლიტიკური გავლენის აქტივობა მოიცავს კომუნიკაციას გადაწყვეტილების მიმღებ მაღალ პირებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფოს მინისტრები, საარჩევნო კანდიდატები, დეპუტატები და მაღალი რანგის საჯარო მოხელეები.


ეს ასევე მოიცავს კომუნიკაციას საზოგადოებასთან, სადაც ჯერ კიდევ არ არის ნათელი, რომ კომუნიკაცია იმართება უცხოელი პრინციპალის მიერ და ფულის, საქონლის ან მომსახურების გაცემა ხდება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს რეგისტრირება, ეს აქტივობა უნდა ხორციელდებოდეს გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მაგალითად, არჩევნებზე, მთავრობის გადაწყვეტილებებზე ან პარლამენტის რომელიმე პალატის მუშაობაზე.


აღნიშნული რეგულაციის დარღვევა მაშინ ხდება, როდესაც:

•    შეთანხმების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში უცხოური გავლენის შეთანხმება არ რეგისტრირდება (როდესაც პირმა იცის, რომ შეთანხმება უცხოური გავლენის შეთანხმებაა);

•    პოლიტიკური გავლენის აქტივობის განხორციელება, სადაც ყოვლისმომცველი შეთანხმება არ არის რეგისტრირებული და პირმა იცის, რომ საქმიანობას ხელმძღვანელობს უცხოელი პრინციპალი;

•    რეგისტრაციისას ან საინფორმაციო შეტყობინების საპასუხოდ ყალბი, არაზუსტი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება ხდება.
უცხოური გავლენის დანაშაულისთვის სასჯელი არის მაქსიმუმ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან ორივე ერთად.


ახალი ზელანდია


ახალი ზელანდიის კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზომების გატარებას. 
“როდესაც უცხო სახელმწიფო ცდილობს მოახდინოს გავლენა ახალი ზელანდიის ინტერესებზე, დაარღვიოს ან ძირი გამოუთხაროს მათ ფარული, მცდარი, კორუფციული ან მუქარის შემცველი საშუალებებით, ეს განიხილება უცხოურ ჩარევად”, - ნათქვამია ახალი ზელანდიის მთავრობის ვებ-გვერდზე. 
ახალი ზელანდიის სამთავრობო უწყებები პასუხისმგებელნი არიან ეროვნული უსაფრთხოების რისკების მართვაზე, მათ შორის უცხოურ ჩარევაზეც.


ახალი ზელანდიის მთავრობამ ასევე გამოაცხადა ბენეფიციარი საკუთრების რეესტრის შექმნის განზრახვა. ასეთი რეესტრი გააძლიერებს ადგილობრივი ბიზნესის შესაძლებლობას დაადგინოს პოტენციური პარტნიორების საბოლოო საკუთრება და კონტროლი და ხელს შეუწყობს უცხოური ჩარევის რისკების შემცირებას.
ახალ ზელანდიაში ასევე მოქმედებს „ცხელი ხაზი“, რომელზეც მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაციის გადაცემა შესაძლო უცხოური ჩარევის აქტივობის შესახებ.


კანადა


კანადის შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, უცხოური მთავრობები და სუბიექტები რეგულარულად ცდილობენ გავლენა მოახდინონ კანადის მთავრობის პოლიტიკაზე, ოფიციალურ პირებზე ან დემოკრატიულ პროცესებზე კანადაში კანონიერი და გამჭვირვალე გზებით, მათ შორის რუტინული დიპლომატიური ჩართულობით. თუმცა, ზოგიერთი უცხო სახელმწიფო უცხოური ჩარევის ქმედებებს ახორციელებს, რათა წინ წაწიოს თავისი საგარეო პოლიტიკური ინტერესები და გავლენა მოახდინოს კანადელ ოფიციალურ პირებსა და გადაწყვეტილების მიმღებებზე. ამ ძალისხმევის ფარგლებში, მათ შეუძლიათ დაიქირავონ პირები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება იყოს მაღალი დონის, რათა მათ თავისი სახელით იმოქმედონ უცხო სახელმწიფოსთან კავშირების გამჟღავნების გარეშე.


როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე ავსტრალიას აქვთ უცხოური აგენტების რეესტრები, რომელიც მოითხოვს უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირების დარეგისტრირებას მათი საქმიანობის შესახებ. კანადის მთავრობა აგრძელებს ახალი და ინოვაციური გზების ძიებას იმ ზომების გასაძლიერებლად, რაც აქვს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. ოფიციალური პირები აგრძელებენ პარტნიორ ქვეყნებში არსებული ზომების შესწავლას.