გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნანა კაკაბაძე: საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ კიევში არ ჩასვლით საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცვა, ხოლო „ლელომ“ ქვეყნის ღირსებაზე წინ სხვა პრიორიტეტები დააყენა

23-02-2023

შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ პარლამენტარებს, კიევში ჩასვლით ან საკუთარი ქვეყნის ღირსება და ინტერესები უნდა დაეყენებინა წინა პლანზე, ან მსოფლიო სოლიდარობის საერთო ფერხულში ჩაბმის დემონსტრირება, რითაც ძლიერთა ამა ქვეყნისათა და უკრაინის ხელისუფლების ერთჯერად მოწონებას დაიმსახურებდა, - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლისთავისადმი დაგეგმილ რადას საგანგებო სხდომას.

 

როგორც კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების კიევში გამოჩენა ერთის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურებდა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას, თუმცა, ასევე აჩვენებდა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავმოყვარეობა არ გააჩნია და ნებისმიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, პირველივე დაძახებაზე „მორჩილად ეახლება მლანძღველებს.

 

“ ნანა კაკაბაძის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობამ კიევში ჩასვლაზე უარის თქმით, ქვეყნის ღირსება დაიცვა, ხოლო „ლელომ“ ქვეყნის ღირსებაზე წინ სხვა პრიორიტეტები დააყენა. „დღეს კიევში სტუმრობა, არ გეგონოთ ხუმრობა თურმე უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს პარლამენტი რუსული აგრესიის წლისთავთან დაკავშირებით კიევში მიუწვევიათ. ჩვენს უმადურ პარლამენტარებს კი მიწვევაზე უარი უთქვამთ. მადლიერები მხოლოდ „ლელოს“ დეპუტაცია აღმოჩენილან. კიდეც ჩასულან კიევში და თურმე ნუ იტყვით, საქმიანი შეხვედრებიც გაუმართავთ უკრაინელ კოლეგებთან. ჩამოყალიბებულან, რომ უკვე იწყება უკრაინის აღდგენის „მარშალის გეგმა“ და იქ საქართველოს აღდგენაც უნდა მოიაზრებოდესო. ესოდენ "სერიოზული" ხაზარაძე-ჯაფარიძე-გეგელია-სამადაშვილის კვარტეტის უსაგნო, უადგილო და უსაფუძვლო თემებზე მსჯელობა უკრაინელ კოლეგებთან ცოტა კომიკურად გამოიყურება.

 

გაქანებული ომის დროს, ქვეყნის აღდგების "მარშალის გეგმაზე" საუბარი არასერიოზულია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მათ არც უფლებამოსილება და არც ქართველი ხალხის 99%-ის მანდატი არ გააჩნიათ. ყველას გვესმის, რომ აქ მთავარი განსახილველი საკითხების შინაარსი კი არა, არამედ უკრაინაში წასვლა-არწასვლის საქმე იყო. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, სულ რომ არავის შეხვედროდნენ და მხოლოდ გამოჩენილიყვნენ უკრაინაში, თავად ამ ფაქტს ჰქონდა დიდი მნიშვნელობის სიმბოლური დატვირთვა.

 

ეს სიმბოლიკა ერთის მხრივ, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის პარლამენტი სოლიდარულია აგრესიის მსხვერპლი უკრაინელი ხალხის მიმართ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია თავმოყვარეობა და ნებისმიერი შეურაცხყოფის და ლანძღვა-გინების მიუხედავად, თავზე ნაცარს წაიყრის და პირველივე დაძახებაზე, მორჩილად ეახლება ომში ჩაბმით გაპიარებულ მლანძღველებს. ამ ერთი წლის მანძილზე უკრაინის მიმართ, არაერთხელ გამოხატული პოლიტიკური სოლიდარობის და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ლანძღვას, ცილისწამებას, ღირსების შელახვას და უმადურობის გამოხატულებას ისმენდა. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა საკუთარი მოქალაქეები ომის ქარცეცხლის საქართველოში გადმოტანისგან დაეცვა.

 

აქვეა აღსანიშნავი, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით, საქართველოში სააკაშვილის შემოსვლის (თუ შემოგზავნის) ოპერაციაც. უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებთან, ნათლად ადასტურებდა უკრაინის ხელისუფლების არამეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენს ქვეყანასთან. შეიქმნა, ისეთი სიტუაცია, რომ პარლამენტარებს, კიევში ჩასვლით ან საკუთარი ქვეყნის ღირსება და ინტერესები უნდა დაეყენებინა წინა პლანზე, ან მსოფლიო სოლიდარობის საერთო ფერხულში ჩაბმის დემონსტრირება, რითაც ძლიერთა ამა ქვეყნისათა და უკრაინის ხელისუფლების ერთჯერად მოწონებას დაიმსახურებდა. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ კიევში არ ჩასვლით საკუთარი ქვეყნის ღირსებია დაიცვა.ხოლო „ლელომ“ ქვეყნის ღირსებაზე წინ სხვა პრიორიტეტები დააყენა. დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის რაიმე პოლიტიკური ნაბიჯების აკრძალვა, მხოლოდ ამ ნაბიჯების შეფასებაა შესაძლებელი. საბოლოოდ ამ ყველაფრის შეაფასებს და საკადრის პასუხს გასცემს ქართველი ამომრჩეველი 2024 წლის არჩევნებზე. მოდით ერთად, დაველოდოთ ამ დღეს.

 

მანამდე შეიძლება ითქვას, რომ ეს ყოველივე ადეკვატურად აისახა ბოლო სოციალურ კვლევებში, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა დაახლოებით 25-ჯერ აღემატება „ლელოს“ მხარდამჭერთა ოდენობას. ვფიქრობ, რომ სქართველოს მოქალაქეთა შორის, უკრაინაში პოლიტიკურ ძალთა ჩასვლა-არჩასვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერაც, დაახლოებით ამ თანაფარდობით იქნება გადანაწილებული“ - წერს ნანა კაკაბაძე.