24-02-2023
მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა, გადაცემაში „იმედი LIVE“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.
მისი თქმით, კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ მრავალ დასავლურ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის აშშ-ში, რომელზე დაყრდნობითაც ქართული ანალოგი შეიქმნა, ევროკავშირი კი მის მიღებას აანონსებს.
შესაბამისად, ეს კანონი შეუძლებელია ანტიდემოკრატიული იყოს.
„ჩვენ საფუძვლად ამერიკული კანონი ავიღეთ - სწორედ იქიდან გადმოვიტანეთ სახელიც და დანარჩენიც, თუმცა განსხვავებით ამერიკული კანონისგან, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ეს კანონი არის უცხოელი აგენტების რეგისტრაცია, ჩვენ ქართულად გადმოღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ვუწოდეთ“, აგენტი კი ეწოდება არა პიროვნებას, არამედ იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ კანონის ქვეშ ხვდება.
კიდევ ერთი: შეიძლება, ბევრი ადამიანი ღელავდეს - სტუდენტი, რომელმაც გარკვეული დაფინანსება მოიპოვა, მეცნიერი, რომელმაც გარკვეული გრანტი მიიღო უცხოეთიდან - ეს კანონი მათ არანაირად არ ეხება. კანონი მხოლოდ ორგანიზაციებს - არა მათში შემავალ თანამშრომლებს, არამედ თვითონ ორგანიზაციებს ეხება, რომლებიც გავლენის აგენტებად არიან დასახელებულნი.
აქაც განვსხვავდებით ამერიკული კანონმდებლობისგან, რომელიც პიროვნებებს ასახელებს აგენტად. არ შეიძლება, ეროვნული ინტერესების დაცვამ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას შეუშალოს ხელი. ევროპასა და ევროკავშირში ყველას სწორედ იმიტომ უნდა წასვლა, რომ, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, იქ შანსი გაქვს, შენი ეროვნული ინტერესები დაიცვა. მსგავსი კანონი ევროკავშირსაც გამზადებული აქვს. ჩათვალეს, რომ დადგა დრო, როდესაც ეს კანონი ევროკავშირს სჭირდება - თუკი ევროკავშირს სჭირდება, როგორ შეიძლება, იგივე კანონი საქართველოსთვის ანტიდემოკრატიული იყოს?“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.