30-11-2017
გაერთიანებული ზუგდიდის თემისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 35 100 ათასი ლარით განისაზღვრება.
დოკუმენტში პრიორიტეტად რამდენიმე მიმართულებაა დასახელებული, მათ შორისაა, ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება, სკოლამდელი აღზრდა-განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა, განუხრელი ზრუნვა მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებაზე, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა და სხვ.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური და ჯანდაცვის დარგით გათვალისწინებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 2 მილიონ 900 ათასი ლარია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურის დარგისთვის - 13 მილიონ 560 ათას ლარამდე. კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდული და სპორტულ ღონისძიებებზე პროექტი 4 მილიონ ლარზე ოდნავ მეტით დაფინანსდება. სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა კი 4,5 მილიონი ლარი გამოიყო.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება ასე გამოიყურება: საკრებულო - 1 მილიონ 267 ათასი ლარი, მერია - 6 მილიონ 841 ათასი ლარი. აქედან შრომის ანაზღაურება 5 მილიონ 975 6 ათასი ლარია, რაც საერთო ხარჯების 20.3 პროცენტია და კანონით დასაშვებ ნორმაზე 3.7 პროცენტით ნაკლებია.
ბიუჯეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აიპიების გაერთიანებისა და რეორგანიზაციის პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დამატებითი ცვლილებები იქნება წარმოდგენილი.
ამავე ცნობით, ბიუჯეტის პროექტი უკვე განიხილეს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე.
წყარო: რადიო "ათინათი"