27-02-2023
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა მილანის საერთაშორისო გამოფენაში „Micam & Mipel Milano 2023" მონაწილეობის მიღება შეძლეს, სადაც ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ტყავის და ტყავის შემცვლელი პროდუქციის გამოფენაზე კომპანიებმა მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან. მოლაპარაკებები აქვთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა აშშ, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, საბერძნეთი, ესპანეთი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, სერბეთი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის მსვლელობისას ოთხი სხვადასხვა შეკვეთა გაფორმდა საერთაშორისო შემსყიდველებთან.
საერთაშორისო ღონისძიებას 6 ქართული კომპანია ესწრებოდა - „გეფერინი", „კოსმო", „კრეადორა", „ჯეონი", "Salle de Mode" და „ფაცაცია ნინი".
სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, ტყავის და ტყავის შემცვლელია პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე არიან წარმოდგენილნი.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.