2-03-2023
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, ზესტაფონსა და ქუთაისში 70-მდე პედაგოგი მედიაწიგნიერების ტრენერმა, რუსუდან კარკაძემ გადაამზადა. შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნენ სასწავლო მოდულთან დაკავშირებულ საკითხებს და შეასრულეს ის პრაქტიკული დავალებები, რომელთა გამოყენებითაც მოსწავლეებს მედიაწიგნიერების საგანს შეასწავლიან.
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება, რომელსაც მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების" პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.