7-03-2023
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, მამუკა მდინარაძე, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვისას განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ყველა დაინტერესებული მხარე ინფორმირებულია კანონპროექტების ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე, თუმცა, მიუხედვად ამისა, მაინც გრძელდება სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია.
„ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ორივე ვერსიას ვაგზავნით ვენეციის კომისიაში. ეს ვნებათაღელვაც წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც ზუსტად იცი ადამიანმა, რომ ვენეციის კომისიას უნდა გაეგზავნოს, კანონპროექტების ინიციატორიც და მხარდამჭერიც აცხადებს, რომ ვენეციის კომისიაში ვაგზავნით - ორივეს ხომ ვერ დავუჭერთ მხარს, ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ და უფრო დიდი ალბათობით, იქნება ის ვერსია, რომელიც პირველად წარმოადგინეს - და მაინც აგრძელებ ამ კამპანიას, სპეკულაციურობის ხარისხი და ტყუილის ხარისხი, რას კადრებ საზოგადოებას აქაც ჩანს“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე განმარტებით, ვენეციის კომისია, რომელიც ავტორიტეტული ორგანოა, იძლევა იურიდიულ რეკომენდაციებს, ხოლო მოწოდებების პრეცედენტი კომისიისგან ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
„ხუთშაბათს, როგორც კი მივიღებთ პირველი მოსმენით, ეს დაანონსებული გვაქვს და ამას გავაკეთებთ, ტექნიკური პროცედურების გავლისთანავე, იმ წამსვე გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში. დამშვიდდეს, დაწყნარდეს ყველა, თუ ვიღაცას მართლა ეჭვები გაუჩნდა ამათი გიჟური „რუსული, რუსულის“ ძახილის გამო, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებასაც ვაპირებთ, ოდნავ მაინც რამე რაციონალური თუ ეწერება იქ“ - განაცხადა მდინარაძემ.