19-07-2018
21 ივლისს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სხვადასხვა წარმომავლობის ანემიის დიაგნოსტიკა და ექიმთან კონსულტაცია უფასოდ ჩატარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ანემიის გამომწვევი ცვლილებები მრავალფეროვანია: ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, სუნთქვის უკმარისობა, სიარულის გაძნელება - ეს სიმპტომები ანემიით გამოწვეული დაავადებების მცირე ჩამონათვალია. მიზეზი კი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის, გინეკოლოგიური, ჰემატოლოგიური დაავადებები და სხვა.
„ანემიით დაავადებულ პაციენტებმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ სკრინინგი, კერძოდ უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში, გადამოწმდეს ჰემოსტაზის მაჩვენებლები და ჩატარდეს მუცლის ღრუს (ღვიძლისა და ელენთის) ულტრაბგერითი გამოკვლევა. დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვის მიზნით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდება ექიმის კონსულტაცია და ანემიის უფასო დიაგნოსტიკა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ევექსის“ ცნობით, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, რადიოლოგი, პროქტოლოგი და ექიმი-ლაბორანტი უფასო კონსულტაციებს 10:00-16:00 სთ-მდე, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში (გამსახურდიას ქ. №206) ჩაატარებენ. აღსანიშნავია, რომ უფასო კონსულტაციის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომერზე 591 80 42 07.