19-07-2018
ლენტეხში საპროტესტო აქციაა. მოსახლეობის ნაწილი „ხელედულა-3“ ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ამის შესახებ 1tv წერს.
აქციის მონაწილეებმა მშენებელი კომპანიის „ხელედულა ენერჯის“ კუთვნილი მძიმე ტექნიკა ხეობის მიმართულებით არ გაატარეს. მათი ინფორმაციით, კომპანიამ ტექნიკა ცაგერში გადაიყვანა.
ადგილობრივების განცხადებით, მდინარეების ხელედურასა და დევაშის დამაკავშირებელ ხეობაში 4-კილომეტრიანი გვირაბი უნდა აშენდეს.
„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას აქ ჰესი ააშენონ. გზა გადავკეტეთ და ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“, – განაცხადა პირველ არხთან სოფელ წანაშის მკვიდრმა რაჯი ლიპარტელიანმა.
ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მშენებლობის დაწყებისა და ჰესის აშენების შემთხვევაში, ორასზე მეტ ოჯახს დატბორვა ემუქრება, ხეობა მოსახლეობისგან დაიცლება, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და 600-ზე მეტი ადამიანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.