16-03-2023
ომის გარკვეულ ეტაპზე ვლადიმირ პუტინს დიდი ალბათობით მოუწევს „საუკუნის გადაწყვეტილების“ მიღება: გამოიყენოს თუ არა ბირთვული ან ქიმიური იარაღი. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უნდა იმოქმედონ ახლა, რათა შეამცირონ ეს საფრთხე და უზრუნველყონ ამერიკული და ბრიტანული საზოგადოებების და მოკავშირეების უსაფრთხოება, - ამის შესახებ გამოცემა Telegraph-ში გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში სათაურით „პუტინი ემზადება ბირთვული დაპირისპირებისთვის - ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“ ყოფილი ბრიტანელი სამხედრო, პოლკოვნიკი ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი და ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრი, კონსერვატორი დეპუტატი ბობ სილი წერენ.
„რუსეთის მიერ ამერიკული დრონის ჩამოგდება მიზანმიმართული პროვოკაცია იყო. ეს არის შემაშფოთებელი ინციდენტი, მაგრამ სიტუაცია შეიძლება გაცილებით უარესი გახდეს, თუ ჩვენ მზად არ ვიქნებით. პუტინი კუთხეშია მიმწყვდეული, მისი პოზიციები ყოველდღიურად სუსტდება, რადგან დასავლური ტანკები უკვე ჩანს ჰორიზონტზე და ზელენსკის საგაზაფხულო შეტევა ახლოვდება. აღმოსავლეთ უკრაინაში დიდი შეტევის სანაცვლოდ, როგორც ჩანს, აგრესორი უზარმაზარ ადამიანურ საფასურს იხდის, სანქციები კი რუსეთის ეკონომიკის თავისუფალ ვარდნას იწვევს.
უკრაინელები აპირებენ, რუსული ჯარი როგორც აღმოსავლეთ უკრაინიდან, ასევე ყირიმიდან გააძევონ, რაც, უდავოდ, პუტინის მმართველობის დასასრულს ნიშნავს. თუმცა ასეთ შემთხვევაში სახიფათო სიტუაციაში აღმოვჩნდებით. დიქტატორი სიამოვნებით იმეორებდა საზოგადოებაში ლენინგრადში მისი ახალგაზრდობის დროს მომხდარ ამბავს, როდესაც უყურებდა, როგორ იბრძოდა კუთხეში მოქცეული ვირთხა. წლების განმავლობაში, კრემლი გულმოდგინედ კურირებდა პუტინის იმიჯს, როგორც დაუნდობელი „კაგებეს“ ყოფილი ოფიცრის, რომელსაც არ ეშინია გაბედული ქმედებების გატარების სამშობლოს დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასავლეთის გაერთიანებულ ძალებს ებრძვის.
დასავლურმა აუდიტორიამ ამ ნარატივის დაიჯერა, თუმცა სინამდვილეში პუტინი უფრო რაციონალური მოთამაშეა. იგი კარგად გრძნობს სისუსტეს, მაგრამ უშეცდომო არაა. მას უყვარს კარგი ცხოვრება. როგორც გარი კასპაროვმა აღნიშნა, „პუტინს სურს, მართოს როგორც სტალინმა და იცხოვროს როგორც აბრამოვიჩმა“.
არის კიდევ ერთი სფერო, სადაც დასავლურმა აუდიტორიამ ზედმეტად გაამარტივა პუტინის შესაძლებლობების რეალობა - კონკრეტულად ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, არის ტაქტიკა კონკრეტული დასავლური აუდიტორიის დასაშინებლად, რომლის მიზანია უკრაინასა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის კავშირის შესუსტება. ისინი, ვინც თვლიან, რომ თავად რუსები ამას სამხედრო იარაღად განიხილავენ, ცდებიან.
მიუხედავად ამისა, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, როგორც „ბოლო შესაძლებლობას“. ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე პუტინმა მოიყვანა ციტატა რუსეთის სამხედრო დოქტრინიდან და აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი, „რათა დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს რუსი ხალხის უსაფრთხოება“. გარდა ამისა, პუტინმა უკვე წარმოაჩინა უკრაინაში მიმდინარე ომი, როგორც ეგზისტენციალური საფრთხე. მათი თქმით, „თუ ნატო დაიკავებს უკრაინას, რუსეთი იქნება შემდეგი“.
პირველ რიგში, დასავლურმა ქვეყნებმა უნდა დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ისინი იაზრებენ რუსეთის მუქარებს ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე. ბირთვული მუქარა უბრალო ბლეფი არაა. ასევე, ფუკუშიმას კატასტროფიდან გამოტანილი ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი უკავშირდება ინფორმაციის ნაკლებობას, კერძოდ კი, რადიაციის დონის შესახებ ზუსტი ინფორმაციის არარსებობამ შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილებები გამოიწვიოს. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააუმჯობესონ რადიაციის გამოვლენა და მონიტორინგი იმ შემთხვევაში, თუ ბირთვულ ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდება ან სამხედრო ოპერაციების ზონაში მდებარე ატომურ ქარხანაზე ავარია მოხდება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას სამოქალაქო ბირთვული ავარიებისგან, მაგრამ ასევე შეიძლება დაეხმაროს ომის დროს. ამ მხრივ, ჩვენ უნდა ვიქონიოთ სამედიცინო მარაგი, როგორიცაა კალიუმის იოდიდი და პირადი დამცავი აღჭურვილობის მარაგი.
დასავლეთმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მოჰყვება მტკიცე დასავლური და გლობალური პასუხი. რაც მთავარია, რუსეთმა დიდი ხნით ადრე ზუსტად უნდა იცოდეს, როგორი იქნება პასუხი. სტრატეგიული გაურკვევლობა უბრალოდ ძალიან სარისკოა ამ შემთხვევაში.
გარდა ამისა, უნდა შენარჩუნდეს მოსკოვთან კომუნიკაციის არხები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრემლი არ რეაგირებს.
ომის გარკვეულ ეტაპზე პუტინს დიდი ალბათობით მოუწევს „საუკუნის გადაწყვეტილების“ მიღება: გამოიყენოს თუ არა ბირთვული ან ქიმიური იარაღი. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უნდა იმოქმედონ ახლა, რათა შეამცირონ ეს საფრთხე და უზრუნველყონ ამერიკული და ბრიტანული საზოგადოებების და მოკავშირეების უსაფრთხოება“, - აღნიშნულია სტატიაში.