გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„ეს იაფფასიანი კამპანია პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით ხდება“ - რატი იონათამიშვილი პარლამენტში წიგნების დარიგებაზე

16-03-2023

„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატების სამუშაო ოთახებში  ანტიდასავლური შინაარსის წიგნების დარიგებას ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტს იაფფასიან კამპანიას უწოდებს.


როგორც იონათამიშვილი ფეისბუკზე წერს, „ლუციფერის მხილების“ დარიგება პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით მოხდა:

„ორი დღეა, სოც ქსელებში მიდის დეზინფორმაციული კამპანია ერთ უსახურ გამოცემაზე (წიგნსაც ვერ დავარქმევ), რომელიც ყდის იქით გადაფურცვლასაც არ იმსახურებს (ნაგვის ურნას მხოლოდ) და ეს იაფფასიანი კამპანია პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით ხდება. ჯერ ერთი, დილიდან პარლამენტში ვიყავი და არანაირი ფოსტა არ მიმიღია და მეორეც, რაიმე მასალაც რომ მიმეღო, ჩემი პასუხისმგებლობა ის კი არ არის, თუ რა წერილს მივიღებ, არამედ თითოეულ წერილზე, რასაც კი მივიღებ, როგორი რეაგირება მექნება, ეგ არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ დროულად და სამართლიანად ვუპასუხო ყველა წერილს, რასაც ვაკეთებ და არაერთი ღირსეული მოქალაქე გავიცანი ასე. ცალკეა კიდე პატივისცემა პარლამენტის აპარატის თითოეული თანამშრომლის მიმართ!


ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის სამუშაოს და კონკრეტულ პარტიას კი არა, სახელმწიფო ინსტიტუციას ემსახურება, მათი ჩართვა, მდაბიო ხარისხის პოლიტიკურ ბუფონადებში უკიდურესად უღირს საქციელად მიმაჩნია. რაც შეეხება იმ გამოცემას, სარჩევი ჰქონდა გაზიარებული არაერთს და იქიდანაც კი ჩანდა, რომ ეს მაკულატურა შეიცავს ანტისემიტურ ჩანართებს. მისი ფოტოს ატვირთვა და გაზიარებაც კი არის დაუშვებელი და ახალისებს იმას, რაც ყველაზე მიუღებელია ჩემთვის! არ შეიძლება პოლიტიკური ინტერესის გამო იკადრო ყველაფერი, მით უმეტეს, ტყუილი, დეზინფორმაცია და ფაშიზმი!“, - წერს რატი იონათამიშვილი.


ცნობისთვის, 14 მარტს საქართველოს პარლამენტის დეპუტატების სამუშაო ოთახებში ანტიდასავლური შინაარსის წიგნები დარიგდა. დეპუტატებმა „ლუციფერის მხილება“ იმ დროს მიიღეს, როცა პარლამენტის შენობის წინ პრორუსული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ აქცია იმართებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ აპარატის უფროსმა, პოლიტიკოსმა ლანა გალდავამ განუცხადა.


აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის აპარატმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება“.

ამავე განცხადებით ირკვევა, რომ წიგნი მიიღეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის დეპუტატებმა.


„პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები“, - წერია განცხადებაში.