20-03-2023
ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა. ნატოს წევრი და არაწევრი 6 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურე სამთო მომზადებას სამი კვირის განმავლობაში ბაკურიანში გადიოდა.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები, თხილამურებით სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკური მეთოდები, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის მოწყობა შეასწავლეს. კურსის განმავლობაში სამხედროებმა ტაქტიკური მარშიც განახორციელეს.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსის გამოშვების ცერემონიას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და სამთო მომზადების სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ცხადაძე დაესწრნენ. მალხაზ მერლანმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, კარიერული წინსვლა უსურვა და ყურადღება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
კურსდამთავრებულებს სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის დასრულების აღმნიშვნელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.