24-03-2023
ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, მივაღწიეთ თავისუფალ მიმოსვლას ევროპაში. სწორედ ჩვენი დამსახურება არის ის, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ ელიტა გადაადგილდება ევროპის მიმართულებით მარტივად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ას ევროდ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იმოგზაუროს, ევროპაში გაფრინდეს. ასე, რომ ეს არის რეალობა და შედეგები, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, წინა ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზაზე პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია.
„რაც შეეხება სხვა საკითხებს - გვესმის ძალიან ბევრი ბრალდებები, კრიტიკა, დესტრუქციული ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან. აბრალებენ მთავრობას, ათას ცილს სწამებენ, გვეძახიან პრორუსულს და ა.შ. მე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო ის კონკრეტული მიღწევები, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილმა „ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი მომავლისთვის. დესტრუქციული ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული და მანამდეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მის გუნდს, ჩვენ ყველას დღემდე უწოდებდნენ პრორუსულ ძალას. ახლა მე მინდა შევახსენო მათ და ჩვენს საზოგადოებას, თუ რა შედეგი მოუტანა ამ ძალამ ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, მივაღწიეთ თავისუფალ მიმოსვლას ევროპაში. სწორედ ჩვენი დამსახურება არის ის, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ ელიტა გადაადგილდება ევროპის მიმართულებით მარტივად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ას ევროდ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იმოგზაუროს, ევროპაში გაფრინდეს. ასე, რომ ეს არის რეალობა და შედეგები, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ.
ახლა რა გააკეთა ჩვენმა ოპოზიციამ, ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში - პრაქტიკულად არაფერი. სამი წლის დაგვიანებით დაიწყეს პრაქტიკულად მათ პროცესი ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების. უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საერთოდ გადაწეული იყო მოლაპარაკებები, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება მოუწევდათ , რომლის სურვილი მათ უბრალოდ, არ ჰქონდათ. თქვენ გახსოვთ, რომ მათი გაცხადებული, დეკლარირებული მიზანი იყო ქვეყნის არა ევროპეიზაცია, არამედ, სინგაპურიზაცია. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მათმა ბელადმა შეცვალა კონსტიტუცია, აპირებდა პრემიერ-მინისტრად გადასვლას და ქვეყნის მართვას მრავალი, 20-30 წლის განმავლობაში დიქტატორული, ავტორიტარული მეთოდებით. ეს რეალობა დაგვხვდა ჩვენ. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.