4-04-2023
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეებისთვის ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი ქალაქ ამბროლაურში იმართება.
ერთკვირიანი სასწავლო კურსს რეგიონის 70-მდე მარნის წარმომადგენელი ესწრება.
მონაწილეები ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, მევენახეობის საფუძვლები, ვენახების კადასტრი, საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, ღვინის ეტიკეტირება, მარკეტინგი და სერტიფიცირება დარგის სპეციალისტებისგან იღებენ.
აღნიშნული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მცირე მარნების განვითარებისთვის. პროფესიული სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
პროფესიული სასწავლო კურსი ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ჩართულობით ტარდება.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი წინ უსწრებს ამბროლაურში, მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ რიგით მეორე ღვინის ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც რაჭა-ლეჩხუმის ღვინის საწარმოებისა და მცირე მარნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ ფესტივალზე მოწვეულ ევროპელ სომელიეებს, იმპორტიორებსა და ქართველ ექსპორტიორებს, რომლებიც რეგიონის ღვინის პოპულარიზაციით არიან დაინტერესებულნი. რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობაა.