9-04-2023
9 აპრილი იყო ძველი და ახალი თაობის ერთობლივი გამარჯვების ზეიმი. იმ დღეს ყველა გმირი იყო, ვინც დაიღუპა, ვინც დაშავდა და ვინც საბჭოეთის ბასრ ნიჩაბს გადაურჩა. იმ დღეს ქართველმა ხალხმა 70-წლიანი ბრძოლა საკუთარი სისხლის ფასად, გამარჯვებით დაასრულა, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, დღეს, 9 აპრილის მოვლენებიდან 34 წლის შემდეგაც, სწორი ხედვები და პრინციპული გადაწყვეტილებები აუცილებელია.
„დღეს, როდესაც ახალგაზრდა თაობა ჩვენ, 9 აპრილის თაობას თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოგვიწოდებს, კარგია იმით, რომ მათში ეს სულისკვეთება არის, ოღონდ, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მათ სულისკვეთებას ოპოზიციური პარტიები მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და არა ქვეყნისთვის. არადა, საქართველოს დღეს ნამდვილად სჭირდება ახალგაზრდული, მებრძოლი სული გონებით, განათლებით და არა ძალადობით.
სჭირდება სწორი ხედვები და პრინციპული გადაწყვეტილებები, რაც აგვარიდებს იგივე მორჩილებასა და მონობას, რისგან გამოსახსნელადაც 34 წლის წინ სისხლი დაიღვარა რუსთაველზე. დღეს სხვა რეალობის წინაშეა ჩვენი ქვეყანა. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა ჩვენი არჩევანის შეფასება და არა ღირებულებების გადაფასება. ეროვნული ფასეულობები ხელშეუხებელია, იცვლება მხოლოდ ბრძოლის გზა ამ ფასეულობების შესანარჩუნებლად. დღეს ყველანი ვრწმუნდებით იმაში, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გრძელდება ახლა უკვე სხვა რეალობიდან. გვჯერა, ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ოღონდ უსისხლოდ“, - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.