11-04-2023
საქართველოს მთავრობა ემორჩილება და პატივს სცემს საერთაშორისო სანქციებს და ექსპორტის კონტროლს. სასიამოვნოა იმის განცდა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში, გვაქვს შესაძლებლობა მათ დავეხმაროთ, რომ საქართველო არ გახდეს შავი ხვრელი სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, - ამის შესახებ აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა არუნ ვენკატარამანმა „ბიემჯისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე - რამდენად მუშაობს საერთაშორისო სანქციებზე რუსეთზე, არუნ ვენკატარამანმა განაცხადა, რომ ამერიკა ამაყობს იმ ძლიერი კოალიციით, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ძალისხმევით შედგა იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უკანონო აგრესიას უკრაინაში.
„ექსპორტის კონტროლი და სანქციები ამის ნაწილია. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან – მათ შორის, საქართველოსთანაც – იმისთვის, რომ რუსეთის ომის მანქანამ შეწყვიტოს მოქმედება“ – აღნიშნა აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილემ.
არუნ ვენკატარამანის თქმით, ეს წინააღმდეგობა მუშაობს. „ჩვენც მზად ვართ, მათ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერი ფორმით, რაც ჩვენ შეგვიძლია – მათ შორის, ექსპორტის კონტროლისა და საერთაშორისო სანქციების გზით ისეთ მეგობრებთან ერთად, როგორიც – საქართველოა“, - აღნიშნა მან.