13-04-2023
ტყის მართვის გეგმების შემუშავების და მისი მდგრადი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში, 2013 წლიდან ტყის ინვენტარიზაციის პროცესი განახლდა. აღნიშნულ პროცესში მაღალკვალიფიციური კადრების მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის და ტაქსაციის სპეციალისტების დეფიციტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა პროფესიული გადამზადების პროგრამა „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“.
პროგრამაზე სწავლა უფასოა და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სატყეო ან/და მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებს.
პროფესიული გადამზადების პროგრამა „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების (მეტყევე-ტაქსატორი) მომზადება, რომლებიც განახორციელებენ ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს და კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ ტყეში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეკრებას, დამუშავებას, ელექტრონულ პროგრამაში ასახვასა და ანალიზს, მონაწილეობას სატყეო ღონისძიებების (ტყითსარგებლობის, ტყის მოვლა- აღდგენის და სხვა) დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებას.
ტყის ინვენტარიზაციის ეტაპები მოიცავს კარტოგრაფიულ მასალებთან მუშაობას, საველე პირობებში ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და კამერალურ დამუშავებას, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დანიშვნასა და დოკუმენტაციის შექმნას, მათ შორის, ინვენტარიზაციის საბოლოო პროდუქტის - ტყის მართვის გეგმის მომზადებას.
„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.