20-04-2023
„საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მუდმივად ხორციელდება ეკოტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტები. 2022 წელს, წალკის კანიონზე უნიკალური ეკოტურისტული კომპლექსი გაიხსნა. კანიონმა, გახსნის დღიდან, დიდი ინტერესი და პოპულარობა მოიპოვა და საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, ასევე სრულდება 3D განათების მოწყობის სამუშაოები მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერის ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ადგილებს ვიზიტორებისთვის.
როგორც მინისტრმა განაცხადა, 2022 წლის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით 53%-ით (902 010 ვიზიტორი) არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 22.5 მლნ. ლარის ფინანსური რესურსი მოხმარდება სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და რეაბილიტაციას, საიდანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯუთა-როშკა-ომალოს დამაკავშირებელი პროექტი. მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურების რეაბილიტაციის სამუშაოები პრომეთეს, სათაფლიას, მარტვილის კანიონის, ოკაცეს კანიონის, ბორჯომ-ხარაგაულის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.