20-04-2023
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი გარემოსდაცვითი პრიორიტეტია.
მინისტრის განცხადებით, სამრეწველო სექტორის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო სექტორიდანატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებაც.
„ამ მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, შემუშავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც 2023 წლის მეორე ნახევრიდან, ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა დეპუტატებს ახალი ინიციატივის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც სამინისტრო მთავრობას უახლოეს მომავალში წარუდგენს. საქმე ეხება ახალი ავტომობილების იმპორტის საკითხებს, რაც მიზნად ისახავს სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირებას და მომდევნო წლიდან, განსაკუთრებით მოძველებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას. რა თქმა უნდა, ინტენსიურად გრძელდება საწვავის ხარისხის შემოწმების პროცესი.