გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნანა კაკაბაძე კელი დეგნანზე: უკვირს, თუ რატომ სთხოვენ მის მიერ სანქცირებული მოსამართლეების კორუმპირებულობის მტკიცებულებებს და რატომ არ სჯერათ მისი უსიტყვოდ - არ უნდა ვიცოდეთ, რომ მის სიტყვებს არავითარი გამოძიება აღარ უნდა სჭირდებოდეს?

21-04-2023

როდესაც აღმოჩნდა, რომ 2012-ში მოსული ხელისუფლება უსიტყვოდ არ ასრულებდა აშშ-ის ყველა დიქტატს, ისინი „ნაცების“ ფარული მხარდაჭერიდან მათ აშკარა ლობირებაზე გადავიდნენ. დიპლომატად წოდებული აშშ-ის ელჩის სრულიად არადიპლომატიური განცხადებებით და ქმედებებით ღიად დაგვანახეს, რომ ჩვენ მათთვის არა თანასწორუფლებიანი პარტნიორები, არამედ მხოლოდ დავალებების შემსრულებლები უნდა ვიყოთ და ვიმოქმედოთ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ აშშ-ის ინტერესების შესაბამისად,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს კვლავ ელოდება ახალი „სიურპრიზები“ აშშ-ისგან, რომელიც, ბოლო 30 წლის განმავლობაში თავად დაშორდა იმ ღირებულებებს, რომლისკენაც საქართველო ყოველთვის ისწრაფოდა.


ნანა კაკაბაძე ყურადღებას ამახვილებს შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების და პენსიონერების ძარცვის თაღლითური სქემის სავარაუდო ორგანიზატორის, დავით კეზერაშვილის შესახებ განსხვავებულ მიდგომაზე. მისი განცხადებით, ელჩს უკვირს, რატომ ითხოვს ქართული საზოგადოება მისგან მოსამართლეობის კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მაშინ, როდესაც კეზერაშვილთან დაკავშირებით თავადვე აცხადებს, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იცავდეს.


„სადა არის ჩემი ამერიკა? 70-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, რომ ნებისმიერი ქართველი პატრიოტისთვის ამერიკის შეერთებული შტატები იყო აღქმული ქვეყანა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამართლიანობის მექა. ქართველი დისიდენტების და ყველა პატრიოტის იმედი იყო ის, რომ თუ ოდესმე საქართველოს დამოუკიდებლობა ეღირსებოდა, სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყნის შენებაში სწორედ ამერიკა დაგვეხმარებოდა და დაგვიფარავდა.


ჯერ კიდევ 70-იანი წლების შუა ხანებში მე და ჩემი თინეიჯერი მეგობრები გულის ფანცქალით ვგულშემატკივრობდით პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიერ ანტიკომუნისტური ბრძოლის მთავარ იარაღად ადამიანის უფლებათა დაცვის პრიმატის წამოწევას, ხოლო 80-იანი წლების დასაწყისიდან, უკვე სხვადასხვა ასაკის ყველა დისიდენტი აღფრთოვანებული ვიყავით რონალდ რეიგანის მიზანმიმართული და უკომპრომისო ანტისაბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის დანგრევა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბება გამოიწვია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაც, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის შედეგი იყო. ამის შემდეგ ჩვენი საოცნებო შორეული ამერიკა ძალიან ახლოს შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. ისტორიის კურიოზია, რომ ყველაზე გულმხურვალე კომუნისტად და „ანტიიმპერიალისტად“ მიჩნეული ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის დაშლის საქმეშიც, დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებაშიც „იმპერიალისტური“ დასავლეთის ასეთივე ერთგულ მოკავშირედ მოგვევლინა. მისმა საერთაშორისო ავტორიტეტმა საუკუნის ბოლოს ბევრწილად განაპირობა აშშ-ს და მთელი დასავლური სამყაროს სოლიდური მატერიალური, ტექნიკური და ფინანსური დახმარების აღმოჩენა საქართველოსთვის. დადგა 21-ე საუკუნე, მოხუცი შევარდნაძის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს ე. წ. ახალგაზრდა რეფორმატორებმა, რომლებმაც მიაღწიეს მათი პოლიტიკური გამზრდელი შევარდნაძის ძალისმიერ გადაყენებას და საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას. ამერიკამ თვალი დახუჭა (ან ხელი შეუწყო) სახელმწიფო გადატრიალებაზე და ხელისუფლების უკანონო, ძალისმიერი გზით დაუფლებას „ვარდების რევოლუცია“ დაარქვეს.


რეფორმატორებად წოდებულებმა, ისეთი აგრესიული ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, რომ 1 წელიწადზე ნაკლებ დროში აშკარა გახადეს მათი მმართველობის სასტიკი, არაადამიანური სახე. სისხლიან და ნიღაბჩამოხსნილ ნაციონალ მმართველებს თბილისში დიდი პომპეზურობით სტუმრად ჩამოსულმა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა. და როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შემდეგ კიდევ უფრო გათამამებულ- გათავხედებული ნაცების ხელისუფლებამ უფრო აგრესიულად განაგრძო სასამართლოს ნოტარიუსებად ქცევა, ბიზნესის დარეკეტება, თავისუფალი მედიის განადგურება, უკანონო დაპატიმრებები, პატიმართა მასობრივი წამებები, შიშის დასათესად ქუჩებში ახალგაზრდების ჩახოცვა და ა. შ. მოკლედ, საკუთარი მოქალაქეების მიმართ სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა,სახელმწიფოს მართვის მექანიზმად აქციეს. სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი სერიოზული იმედგაცრუება ამერიკის მიმართ, თუმცა, ბევრი ისევ გულუბრყვილოდ იმედოვნებდა, რომ „იქ“, „ჩვენი იმედის სახელმწიფოში“ ეს ყველაფერი არ იცოდნენ. ამიტომ თავისუფლებისა და სიცოცხლის რისკის ფასადაც დაუღალავად ვმუშაობდით, რომ საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სისტემატურად მიგვეწოდებინა ფაქტებზე დამყარებული სავალალო სურათი, რომელიც ნაცებმა შექმნეს საქართველოში. საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებში ჩვენი ძველი კავშირების საშუალებით თუ კიდევ ვახერხებდით მცირედი სიმართლის გატანას, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადაულახავ ყრუ კედელს ვაწყდებოდით. თანდათან ვრწმუნდებოდით, რომ მაშინდელი ადმინისტრაციებისთვის ღირებულებებზე აპელირება იყო მხოლოდ თვალებში ნაცრის შეყრა. საქართველოს ისინი აღიქვამდნენ მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებელ ხელსაყრელ გეოგრაფიულ ტერიტორიად. ამერიკა მზად აღმოჩნდა, ამ ტერიტორიის მმართველთა ნებისმიერ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე თვალი დაეხუჭათ. ამან მიგვიყვანა 2008 წლის ომამდეც და 2012 ის არჩევნებამდეც. ხალხის უდიდესი ნაწილის პოზიციის გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა დემოკრატიულად წარმოჩენილი ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში შენარჩუნება.


ოპოზიციაში გადასულ ნაცებს ამერიკის ადმინისტრაციამ ფარულად დაუწყო აქტიური მფარველობა და ლობირება. წლების შემდეგ როდესაც აღმოჩნდა, რომ 2012 ში მოსული ხელისუფლება უსიტყვოდ არ ასრულებდა აშშ-ს ყველა დიქტატს, ისინი ნაცების ფარული მხარდაჭერიდან მათ აშკარა ლობირებაზე გადავიდნენ. დიპლომატად წოდებული აშშ-ს ელჩის სრულიად არადიპლომატიური განცხადებებით და ქმედებებით ღიად დაგვანახვეს, რომ ჩვენ მათთვის არა თანასწორუფლებიანი პარტნიორები, არამედ მხოლოდ დავალებების შემსრულებლები უნდა ვიყოთ და ვიმოქმედოთ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ აშშ-ს ინტერესების შესაბამისად. ამ ყველაფრის შემყურე მე და ბევრი ჩემი ძველი მეგობარი ვკითხულობთ: სად წავიდა ჩვენი ამერიკა? შორიდან ჩვენ არასწორად აღვიქვამდით და ახლოდან დანახული სულ სხვა აღმოჩნდა, თუ ბოლო 20-30 წელიწადში მართლაც ასე შეიცვალა ეს ქვეყანა, დაკარგა იმ ღირებულებებზე ორიენტაცია, რომელიც ჩვენთვის მისაბაძი და საოცნებო იყო? მაინც მგონია, რომ მეორე პასუხია სწორი და აი, რატომ: ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის სფეროში მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკისთვის მხოლოდ 2 დიდ მარცხზე ამახვილებდნენ ყურადღებას - იაპონიის ქალაქებში ატომური ბომბების ჩამოგდების შედეგად დატრიალებულ უბედურებაზე და ვიეტნამის ომში განცდილ მძიმე მარცხზე. ორი ამ უმძიმესი მოვლენიდან აშშ-ს მმართველებმა სერიოზული დასკვნები გამოიტანეს. 90-იან წლებიდან მოყოლებული აშშ-მა სასტიკი მეთოდებით დაანგრია ან დაიპყრო არაერთი ქვეყანა (იუგოსლავია, ერაყი, ავღანეთი, ლიბია და ა. შ.), სერბიის გულში შექმნა ახალი მუსლიმანური სახელმწიფო- კოსოვო. სექსუალური უმცირესობების პრიორიტეტი გამოაცხადა დემოკრატიულობის და ადამიანის უფლებების დაცვის დონის განმსაზღვრელად, აშკარად დაიწყო არადემოკრატიული, მაგრამ მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა.


საქართველოს მაგალითს რომ თავი დავანებოთ, აშშ-მ ვენესუელაში მისთვის მიუღებელი, მაგრამ არჩეული პრეზიდენტის-მადუროს ნაცვლად კი პროამერიკული ოპოზიციის ლიდერი ცნო პრეზიდენტად. დიდი მცდელობის მიუხედავად იქ ვერ მოახერხა სახელმწიფო გადატრიალების გზით იმ კაცის ხელისუფლებაში მოყვანა. დღემდე მას აღიარებს ვენესუელის პრეზიდენტად. პრეზიდენტმა ბაიდენმა და მისმა დიპლომატებმა იმდენი მოახერხეს, რომ უკვე საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროკავშირის ლიდერები საჯაროდ აალაპარაკეს, რომ აშშ-სთან პარტნიორობა არ უნდა გულისხმობდეს მათ მიმართ ვასალურ დამოკიდებულებას.


მოკლედ, ისტორიის ამ უახლესი გაკვეთილებიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უნდა მოველოდეთ ახალ-ახალ სიურპრიზებს დიპლომატად წოდებული აშშ-ს ელჩისაგან. ქ-ნ დეგნანს უკვირს, თუ რატომ სთხოვენ მის მიერ სანქცირებული მოსამართლეების კორუმპირებულობის მტკიცებულებებს, რატომ არ სჯერათ მისი უსიტყვოდ, განა არ უნდა ვიცოდეთ, რომ მის სიტყვებს არავითარი გამოძიება აღარ უნდა ჭირდებოდეს? ამავდროულად ელჩი გვეუბნება, რომ საერთაშორისო სკანდალში გახვეულ, ბიუჯეტისა და ევროპელი პენსიონერების ფულის მიმთვისებელ დავით კეზერაშვილს უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იცავდეს და მხოლოდ გამოძიების დასრულებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება ეწოდოს მას დამნაშავეო. აშშ-ში ბევრი ჩვენი იქაური მეგობრები იზიარებენ, რომ ეს არ არის ჩვენი ამერიკა. ისინი თავის ქვეყანაში იბრძვიან, რომ დაიბრუნონ ის სამშობლო, რომელმაც აშშ აქცია ძლიერ, მდიდარ და მიმზიდველ ქვეყნად. ჩვენ, რა თქმა უნდა, აშშ-ს შიგნიდან შესაცვლელად და დაკარგული ამერიკის დასაბრუნებლად არავითარი შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოს მოსახლეობის მოტყუებულ ნაწილს ვუთხრათ სიმართლე, ავუხსნათ, რომ დღევანდელი ამერიკა თვითონ ეძებს გზას იმ ღირებულებების დაბრუნებისკენ, რომელზეც ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა და მათმა შთამომავლებმა ააშენეს ეს დიადი ქვეყანა.“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.