21-04-2023
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა დაძმობილების პროექტმა, საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საქართველოს სურსათის სექტორის ასოციაციების, ბიზნეს ოპერატორების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეკრიბა თბილისში, სასტუმრო Hilton Garden Inn-ში პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე.
საქართველოში სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა, პროექტის პარტნიორებთან ერთად ლატვიიდან, ესტონეთიდან და შვედეთიდან, წარმოადგინეს დაძმობილების პროექტის „სანიტარული, ფიტოსანიტარული და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფა საქართველოში" შედეგები და განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, საქართველოს მიერ ევროკავშირის ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის, ასევე ქვეყნის შიგნით სურსათის უვნებლობის გაძლიერების კუთხით პროგრესის გასაღრმავებლად.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საქართველოში ლატვიისა და ესტონეთის საელჩოებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვეს სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებს.
პროექტის ხელმძღვანელებმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, შეაჯამეს ევროპელი ექსპერტების ძირითადი რეკომენდაციები და განიხილეს საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესების სამომავლო გზებზე.
ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტმა ხელი შეუწყო საქართველოს ძალისხმევას მიაღწიოს სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის უფრო მაღალ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტად უსაფრთხო და ხარისხიანი სურსათის წარმოებას და ქართული პროდუქტების ექსპორტის მეტ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
„დღეს ჩვენ ვაფასებთ იმ შედეგებს, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაცვას და სურსათის მაღალ სტანდარტებს, რომელიც მიღწეულია Twinning-ის კონტექსტში SPS-ისა და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში. საქართველო წინ მიიწევს SPS-ის, კვების ჯაჭვისა და მონიტორინგის სისტემებში. აუცილებელია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მომხმარებელთა ჯგუფების უფრო ფართო ჩართულობა მიახლოებული კანონმდებლობისა და სურსათის უვნებლობის დანერგვის აღსრულების ნაწილში",- აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
„პროექტის მიზანი იყო სურსათის კონტროლის სისტემის მიმართ მომხმარებელთა ნდობის განმტკიცების ხელშეწყობა და ევროკავშირის ბაზარზე ქართული სურსათ-პროდუქტების კონკურენტუნარიანობის ამაღლება. პროექტი უკვე დასრულებულია - საქართველოს სურსათის ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგისა და კონტროლის სისტემის გასაუმჯობესებლად, და ევროკავშირის ნორმებთან დაახლოების მიზნით, მომზადდა სხვადასხვა სახის დოკუმენტი. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩატარდა არაერთი სასწავლო ვიზიტი და ტრენინგი ექსპერტთა მიერ. ახლა უნდა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი - სისტემამ სრული დატვირთვით უნდა დაიწყოს მუშაობა. ეს, საქართველოს სურსათის მწარმოებლებისთვის და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისთვის, იქნება, როგორც შესაძლებლობები, ასევე გამოწვევები, - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, ლატვიიდან, ლატვიის სურსათისა და ვეტერინარული სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, მარის ბალოდისმა.
„DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში, სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან ცოდნის მიღება აუცილებელია. ევროკავშირის დაძმობილების პროექტმა კი, ამის შესაძლებლობა უზრუნველყო. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებსაც საქართველოს მსგავსი წარსული აქვთ. დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ქართველმა სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ვიზიტებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ევროპელმა ექსპერტებმა საქართველოში ვიზიტისას სამივე მიმართულებით გაუზიარეს თავიანთი საუკეთესო პრაქტიკა ქართველ კოლეგებს. ეს ჩვენს სპეციალისტებს ყოველდღიურ მუშაობაში დაეხმარება", - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოდან, და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ინფორმაცია პროექტის შესახებ
პროექტმა (1 450 000 ევრო) თავისი საქმიანობა დაიწყო 2020 წლის ოქტომბერს და ამ ხნის განმავლობაში, ევროპის სურსათის უვნებლობის უწყებები მჭიდროდ მუშაობდნენ ქართველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს სამართლებრივი ბაზის დაახლოების, ასევე წესებისა და პროცედურების შესაბამისობაში მოყვანისა და სურსათის უვნებლობაში, ვეტერინარიაში, ფიტოსანიტარიისა და სასაზღვრო კონტროლის სანიტარიასა და ფიტოსანიტარიაში, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიზნით.
პროექტის ძირითადი შედეგები მოიცავს, საქართველოს სამართლებრივი აქტების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის რეკომენდაციებს, ოფიციალური კონტროლის დაგეგმვისა და სურსათისმიერი დაავადებების აფეთქების რეაგირებაზე გაუმჯობესების ღონისძიებებს, საშიში ინფექციური დაავადების საგანგებო გეგმებს, სპეციფიკურ დაავადებებზე ოფიციალურად თავისუფალი სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საგზაო რუქებს, მცენარეთა პრიორიტეტული მავნებლების მონიტორინგის პროგრამებს, განახლებულ შიდაუწყებრივ ინსტრუქციებსა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურებს, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, ფიტოსანიტარული და სასაზღვრო კონტროლის სფეროებში, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის სპეციალისტებისთვის, შესაძლებლობების განვითარებას.
დაძმობილება არის ევროკავშირის ინსტრუმენტი, რომლითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჯარო სამსახურებს, შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთ კოლეგებს უშუალოდ გაუზიარონ თავიანთი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ბენეფიციარ ქვეყანაში. საქართველოში, დაძმობილების პირველი პროექტი დაიწყო 2009 წელს. მას შემდეგ, ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებათა დიდი უმრავლესობა, სარგებლობს დაძმობილების ინსტრუმენტით და ამის მოთხოვნა იზრდება თანმიმდევრულად.