26-04-2023
"ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები, პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებენ და მისი პასუხისმგებლობის საკითხს მოითხოვენ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რომლებიც მელიას ფლანგს წარმოადგენენ, ხაბეიშვილის გუშინ გაკეთებული განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტული წევრები პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, ლანძღავდნენ და ამიტომ ამოიღო საკრებულოს „მომლოდინე წევრთა“ სიიდან, სიცრუეს უწოდებენ.
„ჩვენ ვთქვით, რომ მისი (ხაბეიშვილის) ლეგიტიმაციის საკითხი უნდა დადგეს ამ ქმედებების შემდეგ და ამას მოვითხოვთ ჯერ კიდევ. კობა ნაყოფია ცდილობს, ორივე მხარესთან, როგორმე დავსხდეთ, ვისაუბროთ და შევთავაზოთ ის ხედვები, რაც ჩვენს გუნდს აქვს. როცა თანხმდები ჩრდილოვან მმართველობას, ამას აკეთებ კიდეც, თუნდაც ისეთ შემთხვევაში, როცა ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაკავშირებდა. ჩრდილოვან მმართველობაში, მერაბიშვილსა და კეზერაშვილს ვგულისხმობ. კონკრეტულ პიროვნებებს, ეს პარტია არასდროს წარმოადგენდა, მათ შორის ხაბეიშვილს. ეს პარტია არის იდეა, რომელსაც ის ამდენი ხნის განმავლობაში ატარებდა. ამ იდეის ჩამოშლას ცდილობს ის გუნდი, რომელიც დღეს მართავს პარტიას“,- განაცხადა, ლევან გორგილაძემ, რომელიც ხაბეიშვილის გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრის მომლოდინეთა სიიდან ამოიღეს და მანდატი დაკარგა.
ცნობისთვის, ხაბეიშვილის განცხადებით, ის პიროვნება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ლანძღავს, მომლოდინეთა სიაში ვეღარ იქნება.
„როცა ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ლანძღავს, ის მომლოდინეთა სიაში ვეღარ იქნება და ასე მოხდება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს და იცოდეს, „ნაციონალურ მოძრაობა“ არ აპირებს მისი სიით საკრებულოში შევიდნენ, ან პარლამენტში, ან სადმე და მერე „ნაციონალურ მოძრაობა“ ლანძღონ. მე, „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარე, პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენი ამომრჩევლის ნებას და ამიტომ, დაივიწყეთ მეგობრებო, „ნაციონალურ მოძრაობის“ ლანძღვა და მერე მისი სიით შესვლა სადმე, აღარ იქნება ამ პარტიაში“,-განაცხადა ხაბეიშვილმა, ბათუმის საკრებულოს მომლოდინეთა სიიდან „ნაციონალურ მოძრაობის“ 4 წევრის დაბლოკვასთან დაკავშირებით.