30-11-2017
კულტურის ცენტრის დირექტორი ჟურნალისტებთან საუბარს
ოზურგეთის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კულტურის ცენტრის დირექტორი კობა ბანძელაძე „გურიის მოამბესთან“ ინტერვიუზე უარს აცხადებს.
ბანძელაძე ჟურნალისტს კითხვების წერილობით მიწოდებას სთხოვს, თან გვიხსნის რომ ნებიმიერი მედიის მიმართ მისი მიდგომები ასეთია:
- რასთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები?
- რამდენიმე კითხვა გვაქვს, მათ შორის თუნდაც საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
- ღონისძიებებთან დაკავშირებით პასუხს გაგცემთ ის პირი, რომელიც ამ ყველაფერს უწევს ორგანიზებას.
- თქვენ ხომ ხელმძღვანელი პირი ხართ, არ ფლობთ ინფორმაციას?
- ხელმძღვანელი კი ვარ, მაგრამ წერილობით უნდა მომმართოთ.
- სხვა კითხვებიც გვაქვს...
- წერილობით მომმართეთ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონი ბანძელაძე „გურიის მოამბის“ კითხვებს გაურბის. არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რა საკითხზე, ან რა თემაზე ვუკავშირდებით კომენტარისთვის. ის კითხვების წერილობით მიწოდებას ითხოვდა იმ შემთხვევაშიც, როცა მისი პასუხი გვაინტერესებდა, თუ რა მოტივით გაუშვა რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან. იმაზეც, თუ რა კუთხით ჩაერთვებოდა კულტურის ცენტრი „ოზურგეთელობის“ დღესასწაულზე. ჩვენთვის არ უპასუხია არც მაშინ, როდესაც ფოლკლორის ქალაქად წოდებულ ოზურგეთში, რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლი გააუქმა და მათი საჭიროება ვერ დაინახა.
არც ერთხელ ჩვენ მისთვის არ მიგვიმართავს იმ კითხვებით, რაზეც პასუხის გაცემა მის კომპეტენციაში არ შედიოდა, ან ინფორმაცია საჯარო არ იყო.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩვენ მისგან გვაინტერესებდა პასუხი მხოლოდ ორ კითხვაზე, აპირებდა თუ არა კობა ბანძელაძე კულტურის ცენტრში ხელმძღვანელის პოზიციაზე დარჩენას და თუ კი, შეუქმნიდა თუ არა ეს უხერხულობას იმ მერთან თანამშრომლობაში, ვის წინააღმდეგაც ის მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ღიად იბრძოდა. უფრო მეტიც, მუდმივად ჩართული იყო მთელ რიგ კამპანებში, რაც ბეგლარ სიორიძის აქტიურ მხარადჭერაში გამოიხატებოდა და რაც მთავარია, მისი ქმედებები ხშირად სცდებოდა კანონის ჩარჩოებსაც (ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მისივე თანამშრომლების ინფორმაციით, მათი იძულება მხარი დაეჭირათ მაშინდელი მერისთვის და აქტიურად ჩართულიყვნენ წინასაარჩევნო პროცესებში. არაფერს ვამბობთ, თანამშრომლების პოლიტიკური მოტივით განთავისუფლებაზე, როგორც „ნაციონალების“ დროს დასაქმებულების).
ჩვენ ამ კითხვებს რა თქმა უნდა წერილობით გადავუგზავნით ბატონ კობას და დაველოდებით, რამდენად ჩაეტევა იმ ვადებში, რაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზეა დადგენილი.
“გურიის მოამბეს“ იგივე კითხვები ჰქონდა ოზურგეთის სამხატვო სკოლის ხელმძღვანელთან, კახა ვასაძესთანაც, რომელმაც მართალია, ჟურნალისტთან საუბარზე უარი არ თქვა, თუმცა დასმულ კითხვებს კატეგორიულად არ უპასუხა: „მე არ გაგცემთ პასუხს ამ კითხვებზე. რატომ არის ეს საინტერესო? ოზურგეთი პატარა ქალაქია, აქ ყველა ყველას იცნობს. ზოგი ახლობელია. არჩევნების თემა ახლა არ არის საინტერესო. შეგვიძლია სხვა თემებზე ვისაუბროთ. მაგალითად იმაზე, რას ვგეგმავთ, რა პრობლემები აწუხებს სკოლას და ა.შ“-გვითხრა ვასაძემ.
წყარო: "გურიის მოამბე"