2-05-2023
უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული ის რეზოლუციები შეახსენა, რომელსაც „ნაცონალურმა მოძრაობამ“ ევროპის საბჭოს ფორმატში მხარი არ დაუჭირა. როგორც
გივი მიქანაძემ აღნიშნა, ამ შემთხვევებში, არც ერთი კითხვის ნიშანი არ დასმულა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან და მაშინ, როდესაც მმართველმა გუნდმა, პოლიტიკურად კიდევ ერთხელ, ღიად დააფიქსირა ის პოზიცია, რასაც ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით და ვიდექით უკრაინის პოზიციის მხარდამჭერად, აგორდა „ფეიკ კამპანია“.
მისივე თქმით, ეს „ფეიკ კამპანია“ იყო მორიგი მცდელობა საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების არასწორი ინფორმირებულობის, მაგრამ, როგორც ყოველთვის, სიმართლე არის კონკრეტული ფაქტებით განმტკიცებული, ამიტომ, ოპოზიციის ამ მცდელობასაც მორიგი კრახი მოყვა, ისევე როგორც ნებისმიერ იმ წამოწყებას, რომელსაც ისინი წლებია, სიცრუეზე აგებენ.
„მინდა დაგისახელოთ კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი ევროპის საბჭოს ფორმატში ოთხ კონკრეტულ რეზოლუციას, რომელიც უკრაინასთან არის დაკავშირებული. 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე, რეკომენდაცია 2228: “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის განგრძობითი აგრესიის შედეგები - ევროპის საბჭოს როლი და რეაქცია“ - მხოლოდ მმართველმა გუნდმა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას.
ქალბატონი ხატია [დეკანოიძე] ჯერ კიდევ მაშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და არ იყო ჩართული ამ პროცესში; რეკომენდაცია 2448, რომელიც მიღებული იქნა 2022 წლის ივნისის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე - „უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიით გამოწვეული ჰუმანიტარული მდგომარეობა და შიდა და გარე იძულებითი გადაადგილება“. ბატონმა ჩიქოვანმა და მე დავუჭირეთ მხარი მხოლოდ უმრავლესობიდან, ოპოზიციას ამ რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერია; რეზოლუცია 2482 – 24 იანვარი, 2023 წელი: “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ასპექტები” - ამ რეზოლუციას უმრავლესობამ და ბატონმა იოსელიანმა დაუჭირეს მხარი; რეზოლუცია 2476, მიღებული იმავე დღეს, იანვრის სესიაზე: „კონფლიქტთან დაკავშირებით სექსუალური ძალადობა“ - მხარი დაუჭირა მხოლოდ უმრავლესობამ. ამ შემთხვევებში, არც ერთი კითხვის ნიშანი არ დასმულა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან და მაშინ, როდესაც მმართველმა გუნდმა, პოლიტიკურად კიდევ ერთხელ, ღიად დააფიქსირა ის პოზიცია, რასაც ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით და ვიდექით უკრაინის პოზიციის მხარდამჭერად, აგორდა ის „ფეიკ კამპანია“, რაც მორიგი მცდელობა იყო საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების არასწორი ინფორმირებულობის, მაგრამ, როგორც ყოველთვის, სიმართლე არის კონკრეტული ფაქტებით განმტკიცებული, ამიტომ, ოპოზიციის ამ მცდელობასაც მორიგი კრახი მოყვა ისევე როგორც ნებისმიერ იმ წამოწყებას, რომელსაც ისინი სიცრუეზე აგებენ, უკვე წლების განმავლობაში“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.