9-05-2023
„ევროპა საქართველოს ისტორიული ოჯახია და სწორედ ამიტომ, მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის დღევანდელი ევროპიდან უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებები. დემოკრატიული საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმდენი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რაც შეძლო დღევანდელმა სახელისუფლებო გუნდმა“,-ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.
მისი თქმით, საქართველო თავისი ისტორიით, ფასეულობებით, ღირსებით აუცილებლად გახდება ღირსეული ევროპის წევრი. ეს გარდაუვალი პროცესია და ამას დღევანდელი ხელისუფლება ხელს უწყობს.
„დღეს ევროკავშირის დაარსების დღეა და საქართველოსა და ევროპას შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო ჯერ კიდევ მანამდე იყო ევროპული ოჯახის წევრი, სანამ ევროკავშირი შეიქმნებოდა. ჩვენი ევროპასთან ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. მჭიდრო თანამშრომლობა კი მე-19 საუკუნიდან იწყება.
ამ პერიოდში საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა თავად ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაში. თითქმის ყველა დარგის უდიდესი მეცნიერი, პოლიტიკოსი თუ მოაზროვნე მოღვაწეობდა ევროპაში და ქმნიდა ქართულ-ევროპულ ისტორიას. ასე გრძელდება დღესაც და გაგრძელდება მომავალშიც. ევროპა საქართველოს ისტორიული ოჯახია და სწორედ ამიტომ, მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის დღევანდელი ევროპიდან უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებები. დემოკრატიული საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმდენი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რაც შეძლო დღევანდელმა სახელისუფლებო გუნდმა.
ევროპული ღირებულებები, დემოკრატია, სხვისი უფლებების დაცვა და ტოლერანტობა ქართველების ისტორიული კუთვნილებაა, ეს ჩვენი ეროვნული ფასეულობებია და შეუძლებელია ვინმემ იმაზე უკეთ გვასწავლოს ეს, ვიდრე ჩვენმა ისტორიამ. სწორედ ჩვენი დიდებული ისტორიით დავუბრუნდებით ევროპულ ოჯახს და განვაგრძობთ ღირებულებებით თანაცხოვრებას ისე, როგორც ეს იყო წარსულში. ჩვენი ქვეყნის მომავალი აუცილებლად იქნება ძლიერი ქართულ-ევროპული სახელმწიფო, სადაც ახალი მსოფლიოს ახალ პოლიტიკას სულ სხვა დატვირთვა ექნება. ევროპის დღეს ვულოცავ ევროპას და მის განუყოფელ ნაწილს - საქართველოს“, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.