15-05-2023
მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.2 მილიონი შემოსვლა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 873.3 ათასს მიაღწია, რაც 2.0-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 845.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 83.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობითვე, საერთაშორისო ვიზიტორების 79.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 15.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.3 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2023 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 15.0%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (256.8 ათასი), თურქეთის (216.4 ათასი) და სომხეთის (182.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა, 50.2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 34.2 პროცენტს შეადგენდა
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 559.5 ათასი და 333.8 ათასი ვიზიტი.